პიტერ სიიარტო - საქართველოსთვის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული წინაპირობები მოკლებულია კონკრეტიკას, მხოლოდ პოლიტიკურია და არ ახლავს შეფასების ინდიკატორები, დიდი ნაწილი უბრალოდ უშინაარსოა
პიტერ სიიარტო - საქართველოსთვის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული წინაპირობები მოკლებულია კონკრეტიკას, მხოლოდ პოლიტიკურია და არ ახლავს შეფასების ინდიკატორები, დიდი ნაწილი უბრალოდ უშინაარსოა

უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოს განცხადებით, ლოგიკური იქნებოდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიენიჭება სამივე სახელმწიფოსთვის – უკრაინისთვის, მოლდოვისთვის და საქართველოსთვის და არ განესხვავებინათ ეს ქვეყნები ერთმანეთისგან.

მისივე შეფასებით, მხოლოდ ორმაგ სტანდარტს უკავშირდება ის, რაც ევროკავშირმა განახორციელა.

ამავდროულად, პიტერ სიიარტო ამბობს, რომ საქართველოსთვის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული წინაპირობები მოკლებულია კონკრეტიკას და დიდი ნაწილი უბრალოდ უშინაარსოა.

პიტერ სიიარტომ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ უპასუხა წამყვანის შეკითხვას, „შეგიძლიათ, აგვიხსნათ ლოგიკა, რომლითაც იხელმძღვანელა ევროკავშირმა, როდესაც მიანიჭა კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, ხოლო საქართველოს – არა“.

„სამწუხაროდ, ვერ ვუპასუხებ თქვენს კითხვას, რადგან ვერ ვხედავ ლოგიკას ამ გადაწყვეტილების უკან. ლოგიკური იქნებოდა, კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინათ სამივე სახელმწიფოსთვის და არ განესხვავებინათ ისინი. რაც ევროკავშირმა განახორციელა, მხოლოდ ორმაგ სტანდარტს უკავშირდება. მათ თქვენ დაგავალდებულეს წინაპირობების შესრულება კანდიდატის სტატუსის მონიჭებამდე, მაშინ, როცა დანარჩენი ორი სახელმწიფოსთვის წინაპირობების შესრულება სტატუსის მინიჭების შემდგომ პროცედურად განისაზღვრა.

უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მივესალმებით ორივე ქვეყნისთვის, უკრაინისა და მოლდოვისთის სტატუსის მინიჭებას. პრობლემა ამაში არაა. პრობლემაა ის, რომ კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს მათ, მაგრამ თქვენ – არა. რეალურ გამოწვევას კი ის წარმოადგენს, რომ წინაპირობები, რომლებიც თქვენ განგისაზღვრეს, სრულიად მოკლებულია კონკრეტიკას, არის მხოლოდ პოლიტიკური ხასიათის და არ ახლავს შეფასების ინდიკატორები. ეს ნიშნავს, რომ მათი შეsრულების შესახებ მომავალში მსჯელობა იქნება ძალზედ სუბიექტური. შეუძლებელია მათი ობიექტურად შეფასება“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

კითხვაზე, „თქვენ გულისხმობთ ექვსი თვის შემდეგ?“, – პიტერ სიიარტო პასუხობს: „თუნდაც. ჩვენ არ ვიცით, ვინ უნდა შეაფასოს და რის საფუძველზე. უნდა აღვნიშნოთ, რომ წინაპირობათა დიდი ნაწილი უბრალოდ უშინაარსოა. მაგალითისთვის ავიღოთ პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება. დემოკრატიაში უამრავი პარტია ცდილობს ამომრჩევლის ნდობის მოპოვებას. ცხადია, მათ შორის არის პოლარიზაცია, ზოგი მემარცხენეა, ზოგი მემარჯვენე, ზოგი ცენტრისტი, ნაციონალისტი, პატრიოტი, გლობალისტი, ლიბერალი, კონსერვატორი, ქრისტინი და ა.შ. რა თქმა უნდა, ისინი პოლარიზებულნი არიან. ანუ, რის მიღწევას ვცდილობთ? ერთპარტიული სისტემის? ეს ხომ კომუნიზმია. ასე რომ, პოლარიზაცია დემოკრატიის თვისებაა. ასევე, მაგალითად სამოქალაქო სექტორის ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობისთვის არის სწორედ არჩევნები. სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების დროს მოქალაქეები ირჩევენ, საით უნდა განვითარედეს ქვეყანა. ამ გადაწყვეტილების შესაბამისად იქცევა ხელისუფლება და მმართველი პარტია. ასე მუშაობს ეს საკითხი. მართალი გითხრათ, ძალიან იმედგაცრუებული ვარ ამ გადაწყვეტილებით“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

რაც შეეხება კითხვას, „ამ შემთხვევაში, ხომ არ ფიქრობთ, რომ წინაპირობების დასახელება იყო ზრდილობიანი ფორმა სტატუსის მონიჭებაზე უარის სათქმელად?“, – პიტერ სიიარტო მიიჩნევს, რომ ეს ძალიან ახლოსაა სიმართლესთან.