პიტერ სიიარტო - სანქციების მიზანი რუსეთის ეკონომიკურად დაჩოქება და ომის შეჩერება იყო, ომის დაწყებიდან 16 თვისა და სანქციების ათი პაკეტის შემდეგ ამ ორ მიზანთან მიახლოებას ვერ ვხედავთ
პიტერ სიიარტო - სანქციების მიზანი რუსეთის ეკონომიკურად დაჩოქება და ომის შეჩერება იყო, ომის დაწყებიდან 16 თვისა და სანქციების ათი პაკეტის შემდეგ ამ ორ მიზანთან მიახლოებას ვერ ვხედავთ

რუსეთისთვის სანქციების დაწესების მიზანი რუსეთის ეკონომიკურად დაჩოქება და ომის შეჩერება იყო, ომის დაწყებიდან 16 თვისა და სანქციების 10 პაკეტის შემდეგ ამ ორ მიზანთან მიახლოებას ვერ ვხედავთ, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სიიარტოს თქმით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის კონტინენტი პირველად აღმოჩნდა ყველაზე სერიოზული ეკონომიკური და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების პირისპირ.

უნგრელი დიპლომატი მიიჩნევს, რომ ევროპელი ხალხი არ არის პასუხისმგებელი უკრაინაში ომზე, თუმცა მისი თითოეული მოქალაქე იხდის ამ ომის ფასს.

„მიმაჩნია, რომ ეს ომი არ არის ევროპელი ხალხის ომი, თუმცა ევროპის ყველა მოქალაქე იხდის ამ ომის ფასს საცხოვრებლისა და საკვების რეკორდულად მაღალი ფასებით. ომი წელიწადისა და ოთხი თვის წინ დაიწყო და ამ დროის განმავლობაში ევროპამ ვერ შეძლო მისი დასრულება. ამ 16 თვის განმავლობაში ვერ მივაღწიეთ წარმატებას მშვიდობის მიღწევაში. ესკალაციის რისკი ძალიან მაღალია და, სამწუხაროდ, ჩვენი კონკურენტუნარიანობა, როდესაც საუბარია ევროპის ეკონომიკაზე, ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია, ვიდრე ოდესმე. ჩვენ შვიდჯერ მეტი უნდა გადავიხადოთ გაზისთვის, ვიდრე აშშ-ში, ან სამჯერ მეტი ელექტროენერგიისთვის, ვიდრე ჩინეთში იხდიან“, – აღნიშნა სიიარტომ.

პიტერ სიიარტო მიიჩნევს, რომ ევროპამ ორი მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა – სულ უფრო ღრმად ჩაეფლო სანქციებში და მსოფლიოს ნომერ პირველი სამხედრო შესაძლებლობების მქონე აშშ-ის მიწვევით ჩაერთო შეჯიბრში, ვინ უფრო მეტ იარაღს მიაწვდის უკრაინას.

„ამ შეჯიბრში ჩართვა მსოფლიოს ნომერ პირველ სამხედრო ზესახელმწიფოსთან ერთად ძალიან არალოგიკური ნაბიჯი იყო. მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ომის დაწყებიდან, ჩვენ, ევროპელები ომის ყველაზე სერიოზული გავლენის წინაშე აღმოვჩნდებით. სამწუხაროდ, სულ უფრო ვეფლობით ძალიან სახიფათო მორევში, რადგან რაც უფრო მეტი იარაღი მიეწოდება უკრაინას, მით უფრო ხანგრძლივი იქნება ომი და მეტი ხალხი დაიღუპება. მიგვაჩნია, რომ საერთაშორისო საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვალეობა უნდა იყოს სიცოცხლის გადარჩენა. ეს კი ომით შეუძლებელია, ეს მხოლოდ მშვიდობით მიიღწევა“, – განაცხადა უნგრელმა დიპლომატმა.

პიტერ სიიარტოს თქმით, სანქციების მიუხედავად, არ ჩანს მიზანთან მოახლოება.

„სანქციებთან დაკავშირებით ვესწრებოდი ათივე პაკეტის განხილვას. პირველ პაკეტს ორი მიზანი ჰქონდა, დაეჩოქებინა რუსეთი, შეეჩერებინა ომი. 16 თვისა და სანქციების 10 პაკეტის შემდეგ ვერ ვხედავთ ამ ორ მიზანთან მიახლოებას. რუსეთი არ დაჩოქილა ეკონომიკის თვალსაზრისით, ომი კი უფრო სასტიკი ხდება. ამ დროს კი აშშ-მა შემოიღო ინფლაციის შემცირების აქტი, რომელიც ღიად აპრიორიტეტებს ამერიკულ კომპანიებს“, – აღნიშნა სიიარტომ.