პიტერ სიიარტო - როცა ჩვენ, ევროკავშირის 27 ქვეყანა ვართ მარტო, დახურულ კარს მიღმა, წევრი ქვეყნების უმრავლესობა გაფართოებაზე ლაპარაკობს ისე, რომ შეუძლებელია, ის განხორციელდეს
პიტერ სიიარტო - როცა ჩვენ, ევროკავშირის 27 ქვეყანა ვართ მარტო, დახურულ კარს მიღმა, წევრი ქვეყნების უმრავლესობა გაფართოებაზე ლაპარაკობს ისე, რომ შეუძლებელია, ის განხორციელდეს

როცა ჩვენ, 27 ქვეყანა ვართ მარტო, დახურულ კარს მიღმა, წევრი ქვეყნების უმრავლესობა გაფართოებაზე ლაპარაკობს ისე, რომ შეუძლებელია, ის განხორციელდეს. ახლა ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობა მხარს არ უჭერს კავშირის გაფართოებას, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო ურთიერთობათა და ვაჭრობის მინისტრმა, პიტერ სიიარტომ გიორგი გვიმრაძისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, „არის ევროკავშირი ახლა იმ მდგომარეობაში, რომ გაფართოვდეს?“, – პიტერ სიიარტო ამბობს: „პასუხის გაცემა რომ შევძლო, კითხვას უფრო ასე ჩამოვაყალიბებდი – არის თუ არა შანსი, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობა მხარს დაუჭერს გაფართოებას? ვფიქრობ, ამას უნდა დავუბრუნდეთ, რადგან როცა ევროკავშირიდან კოლეგები ღიად ლაპარაკობენ გაფართოებაზე, ვგულისხმობ საჯაროდ, ისინი ყოველთვის პოზიტიურად აფასებენ. ვგულისხმობ, რომ მხარდაჭერას აცხადებენ. ამბობენ, რომ წინსვლაა აუცილებელი. ხომ ასეა? მაგრამ როცა ჩვენ ვართ მარტო, 27 ქვეყანა დახურულ კარს მიღმა, ვიტყოდი, რომ წევრი ქვეყნების უმრავლესობა გაფართოებაზე ლაპარაკობს ისე, რომ ის შეუძლებელია, განხორციელდეს. ახლა ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობა მხარს არ უჭერს ევროკავშირის გაფართოებას. ერთმანეთთან გულახდილები უნდა ვიყოთ. მუდმივად ასახელებენ რაიმე ხელისშემშლელ გარემოებას, რაიმე შეშფოთებას, კითხვებს, რაიმე სუბიექტურ კრიტერიუმებს, როგორიცაა 12 პუნქტი თქვენთვის, რაც სრულად სუბიექტურია. მე ერთნაირი წარმატებით შემიძლია, ნებისმიერ წამს ვთქვა, რომ თქვენ თორმეტივე რეკომენდაციას აკმაყოფილებთ, ან პირიქით, არცერთს აკმაყოფილებთ. ეს სრულიად დამოკიდებულია შემფასებელზე და არა ფაქტებზე. ასე რომ, ის, რაც ახლა უნდა ვაკეთოთ, არის კამპანიის წარმოება გაფართოების მხარდასაჭერად, იმის თქმა, რომ გაფართოებაა გზა, რომლის მეშვეობითაც ევროკავშირს შეუძლია თავის დაღწევა იმ ცუდი სიტუაციიდან, რომელშიც ახლა იმყოფება. ევროკავშირი ახლა ცუდ მდგომარეობაშია და მას თავი უნდა დააღწიოს. და თუ როგორ, ვფიქრობ გაფართოება ერთ-ერთი პასუხია“.

რაც შეეხება კითხვას, რა არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების შეშფოთების მთავარი მიზეზი, – სიიარტო პასუხობს, რომ რადგან კონსენსუსი აუცილებელია გადაწყვეტილებების მისაღებად, ბევრ მათგანს არ უნდა, მაგიდასთან კიდევ ახალი წევრები ისხდნენ.

„როგორც ვხვდები, არის სხვადასხვა მიზეზი შეშფოთებისთვის. პირველ რიგში, რადგან კონსენსუსი აუცილებელია გადაწყვეტილებების მისაღებად, ბევრ მათგანს არ უნდა, რომ მაგიდასთან კიდევ ახალი წევრები ისხდნენ. მათ უნდათ, თავად მიიღონ გადაწყვეტილება“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

ამასთან, კითხვაზე, „როგორც ვხვდები, განსაკუთრებით ეს ე.წ. ძველ ევროპას ეხება“, – სიიარტო აღნიშნავს: „დიახ და ასევე მათ, ვინც ფედერალისტურ მიდგომებს უფრო ემხრობა. ფიქრობენ, რომ თუ ახალი წევრები არ დაემატება, ეს გაათავისუფლებს მათ ახალი დაინტერესებული მხარეებისგანაც, რომლებიც რაღაცას შეეწინააღმდეგებიან, ან რომელთა დარწმუნებაც მოგვიწევს, ან რომლებთანაც მოგვიწევს დისკუსია. სწორედ ამიტომ, ისინი მხარს უჭერენ კონსენსუსის პრინციპის უმრავლესობის მიერ მხარდაჭერით ჩანაცვლებას. მათ არ მოსწონთ, რომ ქვეყნებს აქვთ სუვერენული მიდგომა, რომ მათ აქვთ ეროვნული ინტერესები. მათ არ მოსწონთ, როცა ქვეყნები იცავენ საკუთარ ეროვნულ ინტერესებს. სამწუხარდ, არსებობს ასეთი ფედერალისტური მიდგომა. ასევე, ზოგს, ვფიქრობ, ეშინიათ, რომ ვერ აუხსნიან საკუთარ გადასახადების გადამხდელებს, რატომ უნდა გადაიხადონ მეტი საერთო ბიუჯეტში. სხვები კი, ვფიქრობ, მხოლოდ პოლიტიკურად მიკერძოებული არიან და არ მოსწონთ კონსერვატიული ღირებულებები. არ მოსწონთ სუვერენული მიდგომა, რომელსაც გამოხატავენ ზოგიერთი კანდიდატები ან კანდიდატობის კანდიდატები. შეიძლება, ეს იყოს მიზეზი, თუმცა ვფიქრობ, რომ მთავარი აქ არის დებატები ევროკავშირის მომავლის შესახებ. ჩვენ გვაქვს ორი მთავარი მიდგომა – ერთი ფედერალისტური მიმართულება, რომლის მიზანი ევროპის გაერთიანებული შტატების შექმნაა, სადაც მეტი კომპეტენცია ექნება ბრიუსელს და წევრ ქვეყნებს – ნაკლები. მეორე არის სუვერენული მიდგომა. ჩვენ ამ მიდგომას ვემხრობით“.

პიტერ სიიარტოს თქმით, „სჭირდებათ უფრო ძლიერი ევროკავშირი, მაგრამ ევროკავშირი იქნება ძლიერი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი წევრი ქვეყნები არიან ძლიერი, თუ ისინი იცავენ ეროვნულ  მემკვიდრეობას, იდენტობას, სპეციფიკას, რელიგიას, კულტურას“.