პიტერ სიიარტომ აშშ გააკრიტიკა - ომის მომხრე მეინსტრიმმა საბოლოო შეტევა წამოიწყო ახალ რეალობაზე, ხალხის ნების გათვალისწინებაზე უარს ამბობენ ხელისუფლებიდან განდევნილი „ქორი“ პოლიტიკოსები 
პიტერ სიიარტომ აშშ გააკრიტიკა - ომის მომხრე მეინსტრიმმა საბოლოო შეტევა წამოიწყო ახალ რეალობაზე, ხალხის ნების გათვალისწინებაზე უარს ამბობენ ხელისუფლებიდან განდევნილი „ქორი“ პოლიტიკოსები 

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აშშ გააკრიტიკა იმის გამო, რომ ვაშინგტონმა უკრაინას ნება დართო, ამერიკული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოიყენოს. ამის შესახებ „პოლიტიკო“ ავრცელებს ინფორმაციას.

პიტერ სიიარტოს თქმით, აშშ-ის არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებამ შექმნა ახალი რეალობა, სადაც „ხალხი მშვიდობას ითხოვს“.

„ომის მომხრე მეინსტრიმმა წამოიწყო საბოლოო, სასოწარკვეთილი შეტევა ახალ რეალობაზე“, – დაწერა პიტერ სიიარტომ „ფეისბუქზე“.

ამასთან, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა: „ომის მომხრე ძალები არც კი ერიდებიან ყველაზე უარესს: უკრაინაში ომის გლობალურ მასშტაბამდე გაფართოებას. ხელისუფლებიდან განდევნილი „ქორი“ პოლიტიკოსები უარს ამბობენ ხალხის ნების გათვალისწინებაზე. ეს არა მხოლოდ არადემოკრატიული, არამედ უკიდურესად სახიფათოცაა“.

ამავდროულად, სიიარტომ განაცხადა, რომ „ეს იქნება მძიმე ბრძოლა, რადგან ჩვენ უნდა შევაჩეროთ ესკალაცია“.

ცნობისთვის, უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მოხსნა შეზღუდვები, რომლებიც უკრაინას უკრძალავდა აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განხორციელებას.

როგორც „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, უკრაინა შორ მანძილზე დარტყმების განხორციელებას პირველად მომდევნო დღეებში გეგმავს, თუმცა, უსაფრთხოების საკითხიდან გამომდინარე, დეტალებს არ ასაჯაროებენ.