პიტერ სიიარტო - მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, უარს ვამბობთ ორმაგ სტანდარტებზე, რაც სავალდებულო იყო საქართველოსთვის, ნებაყოფლობითი იყო სხვებისთვის
მხარს ვუჭერთ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას. ჩვენ უარს ვამბობთ ორმაგ სტანდარტებზე. მკაცრად ვეწინააღმდეგებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას თქვენთან, უკრაინასთან, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო ურთიერთობათა და ვაჭრობის მინისტრმა, პიტერ სიიარტომ გიორგი გვიმრაძისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
სიიარტოს თქმით, ოთხივე ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს ერთი და იგივე კრიტერიუმები, თუმცა ის, რაც იყო სავალდებულო, წინაპირობა საქართველოს შემთხვევაში, ნებაყოფლობითი იყო სხვებისთვის.
ამასთან, პიტერ სიიარტომ ისაუბრა საქართველო-უნგრეთის ურთიერთობებში ოთხ ძირითად მიმართულებაზე.
„გასულ ოქტომბერს ბუდაპეშტში ხელი მოეწერა შეთანხმებას სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ და ამ სტრატეგიული შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი იყო ის, რომ ორ მთავრობას უნდა ჩაეტარებინა ერთობლივი სამიტი. ამას მოჰყვა ჩვენი მინისტრების ორმხრივი შეხვედრები. ყველა თემა, ყველა საკითხი მომზადდა ისე, რომ ახლა ჩატარებულიყო სამთავრობო სამიტი. უნიკალურია, რომ ამას დამატებით სხვა ქვეყნებთანაც ვახორციელებთ. აქამდე ასეთი მრავალმხრივი შეხვედრები გვქონდა სერბეთთან და უზბეკეთთან. ეს ხაზს უსვამს მნიშვნელობას, რომელსაც ამ ურთიერთობას ვანიჭებთ. შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ არაა მხოლოდ ქაღალდი, ეს რეალური შეთანხმებაა.
ჩემი აზრით, არსებობს ოთხი ძირითადი საყრდენი მიმართულება ჩვენს ურთიერთობაში. პირველ რიგში, ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირში თქვენს ინტეგრაციას. ჩვენ უარს ვამბობთ ორმაგ სტანდარტებზე. ასე რომ, მკაცრად ვეწინააღმდეგებით ევროკავშირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას თქვენთან, უკრაინასთან, მოლდოვასთან და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვეთანხმებით ფაქტს, რომ ის, რაც იყო სავალდებულო, შესასრულებელი და წინაპირობები თქვენ შემთხვევაში, იყო ერთგვარად ნებაყოფლობითი სხვებისთვის. ოთხივე ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს ერთი და იგივე კრიტერიუმები, მაგრამ საქართველოსთვის გამოცხადდა ეს წინაპირობად, სხვებისთვის კი, მხოლოდ სასურველად. ასე რომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირში თქვენს გაწევრიანებას. მეორე საყრდენი არის ენერგეტიკის მიმართულება. ევროპა ახლა ენერგომომარაგების მოდერნიზაციის პროცესშია. მეტ ძალისხმევას დებს მდგრად, მწვანე ენერგეტიკაში, განახლებად ენერგიაში. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს არ იქნებოდა შესაძლებელი გარე წყაროების გარეშე.
მოდით, ვისაუბროთ სუფთა ენერგიის გარე წყაროებზე. ამ კუთხით თქვენი რეგიონი, კავკასიის რეგიონი მართლაც კანდიდატია. ჩვენ ვიცით, რომ ყველაფერი დამოკიდებულია ინფრასტრუქტურაზე. იარსებებს თუ არა გადამცემი ხაზები, რომელთა დახმარებითაც იქნება შესაძლებელი განახლებადი ენერგიის კავკასიის რეგიონიდან ევროპისთვის მიწოდება. ჩვენ ამაზე ერთად ვმუშაობთ. ესაა ოთხმხრივი თანამშრომლობა – აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი. მესამე საყრდენი არის ეკონომიკა. უნგრული კომპანიები დაინტერესებული არიან ქართულ ბაზარზე შემობიჯებით. შემდგომი პროგრესის სივრცედ წყალმომარაგების მენეჯმენტის სფეროს მივიჩნევ. და მეოთხე – ჩვენ ორივე ქრისტიანული ქვეყანა ვართ. ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით ქრისტიანულ ღირებულებებს. ჩვენ, ორივე ქვეყანას გვაქვს ქრისტიანული მემკვიდრეობა და ქრისტიანული ფესვები. და როდესაც საქმე ეხება საერთაშორისო პოლიტიკურ არენას, სადაც ძირითადად დომინირებს ლიბერალური მეინსტრიმი, ჩვენნაირმა ქვეყნებმა მართლაც უნდა იბრძოლონ ღირებულებებისა და ტრადიციების დასაცავად. საქართველო და უნგრეთი მზად არიან, ერთად იბრძოლონ“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.