პიტერ სიიარტო - გვსურს, თავიდან ავიცილოთ მდგომარეობა, როცა უნგრელ ხალხს მოუწევს ომის საფასურის გადახდა, როგორც მესმის, იმავეს აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, სანქციების განხილვისას არ უნდა დაგვავიწყდეს რეალობა
ჩანს, რომ არავინ ეძებს გამოსავალს. როგორც მეზობელი ქვეყანა, ომის მიმდინარეობის ყოველ წუთს ჩვენ განვიხილავთ როგორც საკუთარი უსაფრთხოების რისკს, ამიტომ უნგრელები აბსოლუტურად დაინტერესებული ვართ, რომ უკრაინაში ომი დასრულდეს რაც შეიძლება მალე, ისე როგორც თქვენ, – ამის შეახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.
სიიარტოს თქმით, უნგრეთს სურს, თავიდან აიცილოს მდგომარეობა, როდესაც უნგრელ ხალხს მოუწევს ომის საფასურის გადახდა.
„ასე ჩანს, რომ არავინ ეძებს გამოსავალს. ჩვენ უკრაინის უშუალო მეზობლები ვართ და როდესაც მეზობლად მიმდინარეობს ომი, ის, რა თქმა უნდა, ზრდის უსაფრთხოების რისკებს შენს ქვეყანაში. სამწუხაროდ, აქ, საქართველოში ბევრი ახსნა არ მჭირდება, რას ვგულისხმობ. როგორც მეზობელი ქვეყანა, ომის მიმდინარეობის ყოველ წუთს ჩვენ განვიხილავთ როგორც საკუთარი უსაფრთხოების რისკს, როგორც ფიზიკურ საფრთხეს, ეკონომიკურ საფრთხეს და უსაფრთხო ენერგომომარაგების საფრთხეს. ამიტომ ჩვენ, უნგრელები აბსოლუტურად დაინტერესებული ვართ, რომ ომი დასრულდეს რაც შეიძლება მალე, ისე როგორც თქვენ. ჩვენ გვსურს, თავიდან ავიცილოთ მდგომარეობა, როდესაც უნგრელ ხალხს მოუწევს ომის საფასურის გადახდა. როგორც მესმის იმავეს აკეთებს საქართველოს ხელისუფლება. ასე რომ, იმ დროს, როდესაც განვიხილავთ სანქციების საკითხს, არ უნდა დაგვავიწყდეს რეალობა. რეალობა კი შემდეგია – უნგრეთი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ენერგოსფეროში რუსეთთან თანამშრომლობაზე და ეს არ არის ჩვენი სურვილით განპირობებული. ეს განსაზღვრულია გეოგრაფიით, ისტორიით და რაც მთავარია, ინფრასტრუქტურით.ეს რეალობა გარკვეულწილად არის გასათვალისწინებელი ევროკავშირის გადაწყვეტილებებში.
თქვენ მართალი ხართ, ზოგჯერ ჩვენი ერთიანობა გამოწვევის წინაშეა, რადგან ის წინადადებები, შემოთავაზებები, რომლებსაც მაგალითად, გვაწვდის ევროკომისია, ხშირად არ ითვალისწინებს იმ განსაზღვრულობებს, რომლის წინაშეც დგას ევროკავშირის ესა თუ ის ქვეყანა. ასე რომ, ლიდერობის ნაკლებობა იგრძნობა, მართალი ხართ. ასე იყო მაგალითად კოვიდპანდემიის დროს, ასეა ეკონომიკური გამოწვევების პირობებში და მართალი ხართ, განსაკუთრებით, როდესაც ამას გარედან უყურებ, რომ ლიდერობის ნაკლებობა იგრძნობა, როდესაც საქმე ეხება ამ საკითხის გადაწყვეტასაც“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.
რაც შეეხება კითხვას, „როგორია ომის შესაძლო შედეგი – ახალი ცივი ომი, ახალი რკინის ფარდა ევროკავშირსა და რუსეთს შორის, თუ არსებობს შეთანხმების შესაძლებლობა“, პიტერ სიიარტო ამბობს, რომ ამჟამად თითქმის ვერ ხედავს საიმედო იმპულსებს რაიმე სახის მომავალი თანამშრომლობისთვის დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის.
„ჩვენ ვმდებარეობთ ცენტრალურ ევროპაში. ეს არის ის ლოკაცია, სადაც სახელმწიფოს აქვს ბუნებრივი მოთხოვნილება, არსებობდეს აღმოსავლეთისა და დასავლეთის თანამშრომლობა. ამგვარი თანამშრომლობის არარსებობა, ყოველთვის აჩენს შენი ქვეყნის უსაფრთხოების რისკებს. ასე რომ, ჩვენ ყოველთვის დაინტერესებული ვართ დასვლეთისა და აღმოსავლეთის პრაგმატულ ურთიერთობებში. ჩვენ ყოველთვის მოხარული ვართ, როდესაც მაღალი თანამდებობის პირები ამერიკიდან და რუსეთიდან ერთმანეთს ხვდებიან. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით საერთო ინტერესების გათვალისწინებით განსაზღვრულ ურთიერთობებს რუსეთსა და ევროკავშირს შორის. ამჟამად მე ვფიქრობ გარკვეული ხნით ეს შესაძლებლობა დასრულებულია. ჩვენ ამას ძალიან განვიცდით, რადგან ყველაზე მეტად დაზარალებული ამ მოცემულობიდან შეიძლება აღმოჩნდნენ ცენტრალური ევროპის ქვეყნები, იმდენად რამდენადაც, ჩვენ გეოგრაფიულად მოქცეულნი ვართ ამ დაპირისპირების შუაგულში. მახსოვს დრო, როდესაც განიხილებოდა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა ლისაბონიდან ვლადივასტოკამდე. ახლა ეს მხოლოდ ოცნებაა, ის დასრულებულია, რეალობის ნაწილი აღარ არის. რასაც ახლა ვხედავ, ომით და სანქციებით ხდება ყველა იმ კავშირის გაწყვეტა, რომელსაც შესაძლებელი იყო, დაფუძნებოდა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის პრაგმატული თანამშრომლობა. ასეთია რეალობის ჩემი აღქმა. იმედია, ვცდები, მაგრამ ამჟამად თითქმის ვერ ვხედავ საიმედო იმპულსებს რაიმე სახის მომავალი თანამშრომლობისთვის დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის“, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ „თავისუფალ ხედვაში“.