პიტერ სიიარტო - გვჭირდება უფრო ძლიერი ევროკავშირი, მაგრამ ევროკავშირი იქნება ძლიერი იმ შემთხვევაში, თუ წევრი ქვეყნები არიან ძლიერი, იცავენ ეროვნულ მემკვიდრეობას, იდენტობას, რელიგიას, კულტურას
პიტერ სიიარტო - გვჭირდება უფრო ძლიერი ევროკავშირი, მაგრამ ევროკავშირი იქნება ძლიერი იმ შემთხვევაში, თუ წევრი ქვეყნები არიან ძლიერი, იცავენ ეროვნულ მემკვიდრეობას, იდენტობას, რელიგიას, კულტურას

უნგრეთის საგარეო ურთიერთობათა და ვაჭრობის მინისტრის პიტერ სიიარტოს განცხადებით, ახლა ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობა მხარს არ უჭერს კავშირის გაფართოებას და მუდმივად ასახელებენ რაიმე ხელისშემშლელ გარემოებას, რაიმე შეშფოთებას, კითხვებს, სუბიექტურ კრიტერიუმებს.

მისი თქმით, აქ მთავარი მიზეზი არის დებატები ევროკავშირის მომავლის შესახებ.

„ჩვენ გვაქვს ორი მთავარი მიდგომა – ერთი ფედერალისტური მიმართულება, რომლის მიზანი ევროპის გაერთიანებული შტატების შექმნაა, სადაც მეტი კომპეტენცია ექნება ბრიუსელს და წევრ ქვეყნებს ნაკლები. მეორე არის სუვერენული მიდგომა. ჩვენ ამ მიდგომას ვემხრობით. ჩვენ გვჭირდება უფრო ძლიერი ევროკავშირი, მაგრამ ევროკავშირი იქნება ძლიერი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი წევრი ქვეყნები არიან ძლიერი, თუკი ისინი იცავენ ეროვნულ  მემკვიდრეობას, იდენტობას, სპეციფიკას, რელიგიას, კულტურას“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ გიორგი გვიმრაძისთვის მიცემულ ინტერვიუში.

კითხვაზე, „შეიძლება, მიდგომებს შორის სხვაობებმა დააზიანოს ევროკავშირის არსებობა?“, – სიიარტო  პასუხობს: „არ მგონია, რადგან საბოლოოდ ყველასთვის გაცილებით სარგებლის მომტანია ევროკავშირში ყოფნა და ევროკავშირის ძლიერება. ასე რომ, საკითხი არ დგას ისე – აქვს თუ არა აზრი ევროკავშირში ყოფნას. პასუხი არის, რომ ეს მნიშვნელოვანია. დებატები მიმდინარეობს იმის შესახებ, რა ფორმას ან რა ოპერაციულ მეთოდოლოგიებს ვხედავთ ევროკავშირისთვის სამომავლოდ. როგორი ფორმით გვინდა, ვიხილოთ ევროკავშირი მომავალ წლებში. დებატები ამაზეა და არა იმაზე, უნდა იარსებოს თუ არა ან აზრი აქვს თუ არა მის არსებობას“.