პიტერ სიიარტო და დმიტრო კულება ორბანისა და ზელენსკის შეხვედრის საკითხს განიხილავენ
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო უკრაინელ კოლეგასთან უკრაინის ქალაქ უჟგოროდში შეხვედრას გამართავს.
შესაბამის ინფორმაციას ადასტურებენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობას მიიღებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი. მოლაპარაკებები 29 იანვარს არის დაგეგმილი.
სიიარტოს თქმით, სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ ვიქტორ ორბანისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის მომზადებას.
„ყველაფერი თუ კარგად წარიმართება, არის დადასტურებული თარიღი 29 იანვარი, როცა შევხვდებით უკრაინელ კოლეგას, მინისტრ კულებას უჟგოროდში, რათა ვნახოთ, შესაძლებელია თუ არა, რომ მაღალი დონის შეხვედრა სიტუაციას დაეხმაროს“, – განაცხადა სიიარტომ.
თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ოლეგ ნიკოლენკომ აღნიშნა, რომ 29 იანვარს დაგეგმილი მოლაპარაკებების მთავარი თემა იქნება უკრაინისა და უნგრეთის ლიდერების შეხვედრის ორგანიზება ევროკავშირში კიევისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად და ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის.