პიტერ სიიარტო - ჩვენ ევროკავშირის გაერთიანება გვინდა, მაგრამ ერთიანობის შესაქმნელად უნდა ვიცოდეთ, რომ სხვების საშინაო საქმეებში არ უნდა ჩავერიოთ
ზოგ დასავლეთ ევროპელ პოლიტიკოსს და მედიას, ბრიუსელში ზოგ ინსტიტუციას ძალიან უყვარს ცენტრალური ევროპელებისთვის ჭკუის სწავლება, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „42° პარალელი“ განაცხადა.
„ჩვენ ევროკავშირის გაერთიანება გვინდა, მაგრამ ევროკავშირის ფარგლებში ერთიანობის შესაქმნელად უნდა ვიცოდეთ, რომ სხვების საშინაო საქმეებში არ უნდა ჩავერიოთ. არ უნდა ვუბრძანოთ, ან განვიკითხოთ; ლექციები არ უნდა ვუკითხოთ სხვებს. სამწუხაროდ, ახლა ასე ხდება. ზოგ დასავლეთ ევროპელ პოლიტიკოსს და მედიას, ზოგ ინსტიტუციას ბრიუსელში ძალიან უყვარს ცენტრალური ევროპელებისთვის ჭკუის სწავლება, მაგრამ ჩვენ გვინდა, ჩვენი საგარეო პოლიტიკა და პოლიტიკური კონტაქტები ურთიერთპატივისცემაზე დავაფუძნოთ. ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს პარტნიორებს, მაგრამ მათგანაც პატივისცემას ველით“, – განაცხადა სიიარტომ.
მისი თქმით, როცა იტალიის ხელისუფლებაში ვიცე-პრემიერი სალვინი იყო, იტალიის პოლიტიკა, მათი სტრატეგია გაცილებით ახლოს იყო ვიშეგრადის ქვეყნებთან, ვიდრე ახლანდელი ხელისუფლების პოლიტიკური სტრატეგიაა.
„ვიშეგრადის ქვეყნები, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები – სლოვაკეთი, ხორვატია… ხანდახან, ამ კუთხით ავსტრიაც ძალიან ახლოა ჩვენთან, რიგ შემთხვევებში ვქმნით ერთობლივ პლატფორმას ბალტიის ქვეყნებთანაც. თუმცა, ჩვენ არ მოგვწონს ეს ხელოვნური დაყოფა ევროკავშირში – დასავლეთი და აღმოსავლეთი, ძველი წევრები და ახალი წევრები, ეს უაზრობაა“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.