პიტერ სიიარტო - ჩემი დიდი სურვილია, დავეხმარო საქართველოს ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმის მიღებაში, ეს ევროინტეგრაციის პროგრესშიც დაგეხმარებათ
„აღმოსავლეთ პარტნიორობასთან“ დაკავშირებით უკან უნდა მოვიტოვოთ უბრალო ლაპარაკი, განცხადებები, რეზოლუციები და თავაზიანი სიტყვები, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „42° პარალელი“.
„მოქმედებები უფრო მნიშვნელოვანია. მე შევთავაზე ჩვენს მეგობრებს ის ოთხი რამ, რაც უნდა გაკეთდეს. პირველი – მოვუხსნათ სანქციები ბელარუსს. იმიტომ, რომ ჩვენ აღმოსავლეთის პარტნიორობა გვაქვს. პარტნიორობა და სანქციები ერთად არ გამოდის. მეორე – ესაა საბოლოოდ ხელმოწერა აზერბაიჯანთან პარტნიორობის გაღრმავებაზე. იმიტომ, რომ აზერბაიჯანი ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სამომავლოდ ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში. მესამე – უნდა გავუშვათ ყველა მიკროსაფინანსო ფონდი, მიკროსაფინანსო სისტემა მოლდოვაში. მათთვის ფინანსური აქტივების გაცემა გადაიდო, რადგან ბრიუსელში ვიღაცას იქაური ხელისუფლება არ მოეწონა“, – განაცხადა სიარტომ.
მისი თქმით, მეოთხე პუნქტი საქართველოს ეხება.
„მეოთხე პუნქტი საქართველოს ეხება. ეს ნატო-ს საკითხიცაა. არსებობს სერიოზული კვეთა ნატო-სა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის. ნატო-ს 22 თუ 23 წევრი ევროკავშირის წევრიცაა. ამიტომ ვთხოვე ჩვენს მეგობარ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, დაეხმარონ საქართველოს ნატო-სთან თანამშრომლობის უფრო სწრაფ ინტეგრაციაში. არ მომწონს საქართველოსთან საგანგებო პარტნიორობის პროგრამა. მირჩევნია წევრობის სამოქმედო გეგმა. ეს ისაა, რაზეც უკვე დიდი ხანია, ღიად ვსაუბრობთ. საქართველო არის ყველაზე დიდი არაწევრი კონტრიბუტორი ბევრი ჩვენი მისიისთვის, მათ შორის, ავღანეთში. ჩემი კითხვა იმაში მდგომარეობს, რას ველით სხვას პარტნიორისგან, თუ არა ამას. ჩემი დიდი სურვილია, დავეხმარო საქართველოს ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმის მიღებაში და ეს ევროინტეგრაციის პროგრესშიც დაგეხმარებათ“, – განაცხადა სიიარტომ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ უარი უნდა ვუთხრათ დემოკრატიულ ღირებულებებს, რადგან ევროკავშირის პრეტენზიები დემოკრატიულ ღირებულებებს ეხება თუ ეს პრეტენზიები ამ ქვეყნების მისამართით უსაფუძვლოა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ მას ეს მიდგომა არ მოსწონს.
„მე არ მომწონს ეს მიდგომა, ამ კუთხით. ჩვენ ჭკუას ვასწავლით სხვებს. ვფიქრობ, ქართული დემოკრატია მხოლოდ ქართველ ხალხს შეუძლია, შეაფასოს საუკეთესოდ. თუკი ქართველ ხალხს მოსწონს არსებული ხელისუფლება, ესე იგი, მათ მოსწონთ არსებული სიტუაცია. ზუსტად იგივე ეხება უნგრეთსაც. უნგრული დემოკრატიის ხარისხი უნგრელი ხალხის შესაფასებელია. ჩვენ გვქონდა თავისუფალი არჩევნები 2010-ში, 2014-ში, 2018-ში. ყოველთვის ვიგებდით დიდი მაჩვენებლით. თქვენ გჯერათ, რომ უნგრელი ხალხის ასეთი დიდი ნაწილი მისცემდა ხმას პარტიას, რომელიც არღვევს დემოკრატიულ ღირებულებებს და ანადგურებს დემოკრატიულ ინსტიტუციებს? მე არ მჯერა. არც ის მჯერა, რომ ქართველი ხალხი მისცემდა ხმას ხელისუფლებას, რომელიც ხალხის უფლებებს არღვევს. ასე რომ, ჩემი აზრით, ასეთი პოლიტიკური საკითხები ხალხმა უნდა შეაფასოს“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.