პიტერ სიიარტო - ბუდაპეშტს გაუჭირდება ევროკავშირთან რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე შეთანხმება, ვიდრე უნგრული ბანკი უკრაინას ომის სპონსორების სიაში ჰყავს
ბუდაპეშტს ძალიან გაუჭირდება ევროკავშირთან რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე შეთანხმება, ვიდრე უკრაინას უნგრული OTP ბანკი ომის სპონსორების სიაში ჰყავს შეყვანილი, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ სტოკჰოლმში, ევროკავშირის მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე განაცხადა.
სიიარტოს თქმით, უნგრული ბანკის საქმიანობა საერთაშორისო სტანდარტებსა და კანონმდებლობას შეესაბამება.
„საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ნათლად განვაცხადე, რომ ჩვენთვის ძალიან რთული იქნებოდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეთერთმეტე პაკეტზე მოლაპარაკებების დაწყებაც კი, ვიდრე OTP ბანკი არის ამ სიაში. მოვითხოვთ, რომ უკრაინელებმა ამოიღონ OTP ბანკი სიიდან“, – აღნიშნა სიიარტომ.
გასულ კვირას უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტო გაავრცელა განცხადება, რომ უმსხვილესი უნგრული ბანკი ომის სპონსორთა სიაში შეიყვანა ბანკის ხელმძღვანელობის პოზიციის გამო, რადგან ის აგრძელებს რუსეთთან თანამშრომლობას. უნგრეთში ბრალდებებს არ დაეთანხმნენ და განაცხადეს, რომ ეძებენ შესაძლებლობებს რუსეთის ბაზრიდან გასვლისთვის.