პიტერ სიიარტო - არ არიან მართალი ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ბრძოლის ველზე განვითარებული მოვლენები გააუმჯობესებს მშვიდობის შანსებს, ომის თითოეული დღე მშვიდობის იმედს ასუსტებს
კოშმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდით, რომ 21-ე საუკუნეში ევროპაში ომი იქნებოდა. უნგრელები ცხოვრობენ ომის სამეზობლოში, ჩვენ ვხედავთ იმ ტანჯვას, რომელიც ომს მოაქვს, ჩვენ მივიღეთ მილიონზე მეტი ლტოლვილი, ვხედავთ და ვგრძნობთ შედეგებს ენერგომატარებლების ფასების მკვეთრი ზრდის ფორმით. ჩვენ ასევე ვიხდით ამ ომის საფასურს ინფლაციის ფორმით, რომელიც 10-15-ჯერ მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივ უნდა იყოს, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ეუთო-ს მინისტერიალზე განაცხადა.
სიიარტოს თქმით, უნგრელებს აღარ სურთ, რომ მეტი ადამიანი დაიღუპოს მათ სამეზობლოში.
„ჩვენ ვიხდით საფასურს, ვგრძნობთ შედეგებს და ვხედავთ ტანჯვას იმის მიუხედავად, რომ ჩვენ არ გვეკისრება არანაირი პასუხისმგებლობა ამ ომზე და იმის მიუხედავად, რომ ეს ჩვენი ომი არ არის. მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომლის წევრებიც იღუპებიან ამ ომში. უკრაინაში ცხოვრობს საკმაოდ დიდი უნგრული თემი, დაახლოებით 150 ათასი, და ვინაიდან ისინი უკრაინის მოქალაქეები არიან, ისინი გაწვეული არიან უკრაინის არმიაში, ბევრი მათგანი გაგზავნილია ფრონტის ხაზზე და ბევრი მათგანი, სამწუხაროდ, დაიღუპა. ჩვენ, უნგრელებს, აღარ გვინდა, რომ მეტი ადამიანი დაიღუპოს ჩვენს სამეზობლოში. ამიტომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობის მხარდასაჭერად. მშვიდობა არის ერთადერთი გამოსავალი და მშვიდობა არის ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზა. ეს ასევე ერთადერთი გზაა, რომ თავიდან იქნას აცილებული მეტი ნგრევა“, – განაცხადა სიიარტომ.
პიტერ სიიარტოს განცხადებით, არ არიან მართლები ის ადამიანები, ვინც ამბობენ, რომ ბრძოლის ველზე განვითარებული მოვლენები გააუმჯობესებს მშვიდობის შანსებს.
„ვფიქრობ, რომ თუ ბოლო წელიწად-ნახევარს გადავხედავთ, ნათელია, რომ ისინი, ვინც წარმოაჩენდნენ, რომ გამოსავალი ბრძოლის ველზეა, არ არიან მართლები. ბრძოლის ველზე გამოსავალი არ არის, ბრძოლის ველზე არიან დაღუპულები და არის ნგრევა. ასევე, არ არიან მართლები ისინი, ვინც ამბობენ, რომ ბრძოლის ველზე განვითარებული მოვლენები გააუმჯობესებს მშვიდობის შანსებს. ეს ასევე არ არის მართალი. ამ ომის თითოეული დღე მშვიდობის იმედს უფრო და უფრო ასუსტებს. ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო, ჩვენ ასევე გვჯერა, რომ იარაღის მიწოდება ასევე არ ეხმარება ამას. იარაღის მიწოდება ახანგრძლივებს ომს, ჩვენ კი არ გვჭირდება ომი, არ გვჭირდება იარაღი რეგიონში, ის, რაც რეგიონში გვჭირდება, არის მშვიდობა და ამას გათვალისწინებით, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ კომუნიკაციის არხების ღიად დატოვება არის არსებითი მნიშვნელობის, რადგან თუ კომუნიკაციის არხებს დავბლოკავთ, ჩვენ, უბრალოდ, უარს ვიტყვით მშვიდობის იმედზე. ჩვენ კი არ გვინდა მშვიდობის იმედზე უარის თქმა. შესაბამისად, ძვირფასო ბუიარ, მინდა, შევაქო ყველა თქვენი ძალისხმევა ამ ორგანიზაციის გადასარჩენად და იმისთვის, რომ შანსი მიეცით აღმოსავლეთისა და დასავლეთის ცივილიზებული თანამშრომლობის თუ არა, დიალოგის დაბრუნებას“, – განაცხადა სიიარტომ.