არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო შვედეთის თავდაცვის მინისტრი შეშფოთებას გამოთქვამს
მინდა, შეშფოთება გამოვთქვა ბოლო დროს სამხრეთ ოსეთში განვითარებული მოვლენების გამო, კერძოდ კი საქართველოს მოქალაქის ტრაგიკული შემთხვევის გამო. სამძიმარს გამოვხატავ თქვენი, ქართველი ხალხისა და მისი ოჯახის მიმართ, – ამის შესახებ შვედეთის სამეფოს თავდაცვის მინისტრმა პიტერ ჰულტქვისტმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც პიტერ ჰულტქვისტმა აღნიშნა, შვედეთი ამაყობს საქართველოსთან არსებული თანამშრომლობით, მისიაში 20 შვედი დამკვირვებელია ჩართული.
„გვაქვს ამბიცია და სურვილი, რომ ეს თანამშრომლობა გავაგრძელოთ. დღეს დავუდასტურე ჩემს ქართველ კოლეგას, რომ შვედეთი მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს სწავლებაში 2019 წელს. ჩვენ მივესალმებით ქართველი სამხედროების ჩართულობას შვედეთში ერთობლივ სწავლებებში. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ერთობლივად განვახორციელოთ პროექტები და განვავითაროთ ჩვენი შესაძლებლობები. ამჟამად შვედეთში თავდაცვის კონცეფციის განახლების პროცესში ვართ. ეს ნიშნავს იმას, რომ ვითარდება სამხედრო თავდაცვასა და სამოქალაქო თავდაცვას შორის თანამშრომლობა, რაც საერთო ჯამში ტოტალურ თავდაცვას გულისხმობს. ჩვენ ბევრი მიმართულებით გავძლიერდით ცივი ომის დასრულების შემდეგ. მაგრამ არსებული მდგომარეობა კვლავ მოითხოვს განვითარებას და გაძლიერებას. ამიტომ ვაყალიბებთ საგზაო რუქას, რომლის მიხედვითაც უნდა ვიმოქმედოთ. ასევე, შეიქმნება დოკუმენტი, რომელსაც გამოვიყნებთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მომავალში. ჩვენ ქართველ კოლეგებს ტოტალურ თავდაცვასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, გავუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას და მივაწვდით ინფორმაციას. მსოფლიოში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ, რომ აუცილებელია პატივი ვცეთ საერთაშორისო სამართლით აღიარებულ ნორმებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არავის აქვს უფლება ჩაერიოს სხვა ქვეყნის გადაწყვეტილებებში უსაფრთხოების კუთხით. ეს გახლავთ შვედეთის პოზიცია, რასაც საერთაშორისო არენაზე ყველგან აჟღერებს”, – განაცხადა პიტერ ჰულტქვისტმა.