პიტ ბუტეჯიჯი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ბრძოლას გამოეთიშა
პიტ ბუტეჯიჯი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ბრძოლას გამოეთიშა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „ნიუ იორკ თაიმსმა“ გაავრცელა, შემდეგ კი, ცნობა თავად პრეზიდენტობის კანდიდატმა დაადასტურა.
საუთ ბენდის ყოფილმა მერმა განაცხადა, რომ „საპრეზიდენტო მარათონიდან გამოთიშვის გადაწყვეტილება რთული იყო“.
აშშ-ის ისტორიაში პირველმა გეი საპრეზიდენტო კანდიდატმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი სამხრეთ კაროლინაში გამართულ პრაიმერიზში მარცხის შემდეგ თქვა.
მომხდარს „ტვიტერის“ გვერდზე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. „ახლა ყველა ხმა „მძინარე ჯო ბაიდენთან“ მივა. ძალიან დროულია. ახლა დემოკრატები რეალურად ეცდებიან, ბერნი სანდერსის თამაშიდან გაყვანას“, – წერს დონალდ ტრამპი.
საარჩევნო მარათონიდან ბუტეჯიჯის გამოთიშვის შემდეგ, დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენისთვის ბრძოლას გააგრძელებენ ბერნი სანდერსი, ჯო ბაიდენი, ელიზაბეთ უორენი, მაიკლ ბლუმბერგი, ემი კლობუჩარი და ტულსი გაბარდი.