პირველკლასელთა რეგისტრაციისას, 161-ე სკოლაში, პირველ კლასიკური გიმნაზიასა და პირველ ექსპერიმენტულში ადგილები პირველსავე წუთზე შეივსო
საქართველოს მასშტაბით საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციის შედეგად ამ მომენტისთვის საჯარო სკოლებში 12 ათასზე მეტი პირველკლასელია დარეგისტრირებული. ამის შესახებ პირველ არხს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, თბილისის რამდენიმე სკოლაში ყველა თავისუფალი ადგილი პირველი წუთის განმავლობაში შეივსო. ეს სკოლებია 161-ე, პირველი კლასიკური გიმნაზია, პირველი ექსპერიმენტული.
სისტემაში განმარტავენ, რომ სერვერი გამართულად მუშაობდა და შეფერხება არ ყოფილა. რაც შეეხება იმ ბავშვებს, რომლებიც სასურველ სკოლაში ვერ დარეგისტრირდნენ, როგორც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში აცხადებენ, ისინი მშობლებმა ახლომდებარე სკოლაში უნდა დაარეგისტრირონ, მომდევნო ეტაპზე კი შესაძლებელია, იმ სკოლაში გადაიყვანონ, სადაც თავდაპირველად სურდათ დარეგისტრირება. ასეთ შემთხვევაში, სკოლის ადმინისტრაციას უფლება აქვს, კლასში, სადაც 25 ბავშვზე მეტი არ უნდა ირიცხებოდეს, რამდენიმე მოსწავლე დაამატონ, თუმცა ერთ კლასში მაქსიმუმ 4 ბავშვის დამატებაა შესაძლებელი.
2018-2019 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი – საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია დღეს, დილის 09:00 საათზე დაიწყო და 8 ივნისს, 18:00 საათზე დამთავრდება. II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება კი განხორციელდება 2018 წლის 11 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რეგისტრაციის პირველ ეტაპზე ის ბავშვები ჩაირიცხნენ, რომელთა დედმამიშვილები იმავე სკოლაში სწავლობდნენ ან მოსწავლეები, რომლის მშობლებიც სკოლის თანამშრომლები არიან. პირველი ეტაპის შემდეგ, დედაქალაქში მდებარე სკოლების ნაწილში პირველკლასელთა ადგილების ნახევარზე მეტი შევსებული იყო. 186-ე სკოლაში კი რეგისტრაციის მომენტში არცერთი თავისუფალი ადგილი აღარ იყო დარჩენილი. ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლებში პირველკასელებისთვის 75 ათასამდე ადგილია გამოყოფილი, მათგან თბილისში 18 300.