პირველიდან 5 მარტის ჩათვლით საქართველოში დასაქმების ონლაინ ფესტივალი პირველად ჩატარდება
სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ჩართულობითა და HR hub-ისა და World Vision საქართველოს ორგანიზებით, პირველიდან 5 მარტის ჩათვლით, დასაქმების ონლაინ ფესტივალი – „გაესაუბრე საიდანაც გინდა“ ჩატარდება.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიების მიზანია დასაქმების ხელშეწყობა და სამსახურის მაძიებლების დამსაქმებლებთან დაკავშირება. დასაქმების ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ოცდაათამდე კომპანია და 200-მდე ვაკანსია როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ფესტივალი განკუთვნილია ახალგაზრდებისა და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.
ფესტივალზე HR-მენეჯერები, რეკრუტერები წარმოადგენენ კომპანიებსა და მიმდინარე ვაკანსიებს, რომელთა ნახვა კანდიდატებს შეუძლიათ სპეციალურ ბმულზე.
დასაქმების მსურველები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს, ვაკანსიებს, და დარეგისტრირდებიან. ამის შემდეგ კი მათთვის ჩაინიშნება ონლაინშეხვედრები დამსაქმებლებთან, რომლებიც კანდიდატების დასაქმების გადაწყვეტილებას კონკრეტული ვაკანსიების მოთხოვნების შესაბამისად მიიღებენ.
სამუშაოს მაძიებლებთან შეხვედრის დროს, კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ, თუ რომელი ვაკანსიები და შეთავაზებები აქვთ, რა არის მათი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის, კონკურენტული უპირატესობა, როგორ სამუშაო გარემოს სთავაზობენ დასაქმების მსურველებს. დასასრულ კი, სამუშაოს მაძიებლებს შეკითხვების დასმის საშუალება ექნებათ.
შეხვედრები გაიმართება ონლაინ, Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით. დასაქმების ფესტივალში და მასტერკლასებზე დასასწრებად დარეგისტრირება შესაძლებელია შესაბამის ბმულზე.
დარეგისტრირების შემდეგ, კომპანიის ონლაინსესიის წინ, მონაწილეები მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიიღებენ Zoom-ის ლინკს, რომლის მეშვეობითაც პირდაპირ მოხვდებიან მათ მიერ წინასწარ შერჩეული დამსაქმებლების სესიებზე.