პირველი სექტემბრიდან მოტოციკლეტების და მოპედებისთვის ე.წ. ბასლაინზე გადაადგილება ნებადართული ხდება
პირველი სექტემბრიდან მოტოციკლეტების და მოპედებისთვის ე.წ. ბასლაინზე გადაადგილება ნებადართული ხდება.
ცვლილების მიხედვით, მოტოციკლეტების და მოპედების მძღოლებისთვის ავტობუსისთვის განკუთვნილ მხოლოდ იმ ზოლში იქნება გადაადგილება ნებადართული, სადაც ავტობუსი სხვა ტრანსპორტის მიმართულებით მოძრაობს.
„თბილისის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა განიხილა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს მოტოციკლეტების და მოპედების ე.წ. ბასლაინზე დაშვებას. აღნიშნული ცვლილება მიღებულია საქართველოს პარლამენტში და, მისგან გამომდინარე, შესაბამისი რეგლამენტი აქვს დამტკიცებული თბილისის საკრებულოს. აღნიშნული პაკეტის თანახმად, პირველი სექტემბრიდან მოტოციკლეტებს და მოპედებს უკვე უფლება აქვთ, იმოძრაონ „ბასლაინში“. რეგლამენტი ითვალისწინებს მხოლოდ იმ „ბასლაინში“ დაშვებას, სადაც ავტობუსი მოძრაობს სხვა ტრანსპორტის მიმართულებით და არა საპირისპირო მიმართულებით. ხაზი უნდა გავუსვა ასევე იმ გარემოებას, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია ევროპის რამდენიმე განვითარებულ ქალაქში და ამ მაგალითზე ვიმსჯელეთ ჩვენც უკანასკნელი თვეების განმავლობაში. ამაზე აქტიურად ვმუშაობდით და ვფიქრობთ, ეს იქნება მნიშვნელოვანი წახალისება. ეს არის ერთგვარი მსუბუქი ტრანსპორტი და მათი წახალისებისთვის, გადაადგილების დროს მათი უსაფრთხოებისთვის ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.
რეგლამენტი, რომელიც საკრებულომ დაადგინა, არ ითვალისწინებს საათობრივ შეზღუდვას, ულიმიტო დაშვებაა. ერთადერთი პირობა, რომელიც დადგენილი აქვს საკრებულოს, არის მხოლოდ იმ „ბასლაინში“ მოძრაობა, სადაც მოძრაობს ავტობუსი ძირითადი ტრანსპორტის მიმართულებით“, – განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ.