პირველი სექტემბრიდან 30 სექტემბრის პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის 539 ფაქტი გამოვლინდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის 539 ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, მათგან ექვსი ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მათი მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებს გადაეგზავნა.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი – 221 ფაქტი ნადირობისა და თევზჭერის წესების დარღვევას ეხება.
„დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნულ პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 99 ფაქტი გამოავლინეს, რომელთაგან ორი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ასევე გამოვლენილია ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევის 95, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის – 19, წიაღის უკანონო მოპოვების – 21, მიწის კანონმდებლობის დარღვევის – 17, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის – 14, ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევის – 12, წყლის კანონმდებლობის დარღვევის – 12, ნებართვის პირობების დარღვევის/უნებართვო საქმიანობის – 10, ხე-ტყის დამზადების ლიცენზიის პირობების დარღვევის 4 ფაქტი. სექტემბერში, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარაში, ჯამში 4 უკანონო სახერხი საამქროა ამოღებული. აღნიშნულ პერიოდში, სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის 11 ფაქტია გამოვლენილი.” აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, დეპარტამენტის თანამშრომლებმა 210 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს დასავლეთის რეგიონული სამმართველოს ტერიტორიაზე. კახეთში გამოვლინდა 101 ფაქტი, აჭარასა და გურიაში – 54, სამცხე-ჯავახეთში – 50, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 46, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 34, ქვემო ქართლში – 30, შავ ზღვაზე კი, შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს მიერ, 2 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევაა გამოვლენილი. რაც შეეხება დედაქალაქს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, 2020 წლის სექტემბერში, თბილისში 12 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევაა გამოვლენილი. მათგან 2 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ამასთან, უწყებაში განმარტავენ, რომ 2020 წლის პირველი სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე გარემოს დაცვის სფეროში სამართალდარღვევების თაობაზე 286 შეტყობინება შევიდა, რომლებზეც კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირება განხორციელდა.