პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაწყებული მსვლელობა მთავრობის კანცელარიასთან დასრულდა
პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაწყებული მსვლელობა მთავრობის კანცელარიასთან დასრულდა

პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაწყებული მსვლელობა მთავრობის კანცელარიასთან დასრულდა.

მსვლელობის მონაწილეებმა, რომელთა შორის „ევროპული საქართველოს” და „ნაციონალური მოძრაობის” წევრები იყვნენ, შს მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომა კიდევ ერთხელ მოითხოვეს.

აქციის მონაწილეთა თქმით, მსვლელობით მათ დააყენეს გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი.

„ევროპული საქართველოს” წევრი, ელენე ხოშტარია მსვლელობის პარალელურად, პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენციას გამოეხმაურა და მას შეურაცხმყოფელი უწოდა.

მისი თქმით, გიორგი გახარიამ დროულად უნდა მიიღოს თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება, რათა  ქვეყანა კიდევ უფრო ღრმა კრიზისში არ შევიდეს.

„ბახტაძის გასვლა იყო შეურაცხმყოფელი, რადგან პრაქტიკულად, ბახტაძემ ამ ხალხს უწოდა რომელიღაცა პარტიის მიმდევარი, როდესაც ამდენი დღის განმავლობაში აბსოლუტურად ცხადია ამ აქციის ზეპარტიული ბუნება. დიახაც, ჩვენ მხარში ვუდგავართ ამ საზოგადოებრივ პროტესტს. ეს არის საზოგადოების პროტესტი და ეს არის ხალხის შეურაცხყოფა.

ამასთან, გახარიამ არც ერთ შეკითხვას არ გასცა პასუხი. იმასაც კი არ ამბობს, ვინ გასცა ბრძანება. ცხოველების ტყვიებზე საუბრისგან შეეცადა, ისრები სადღაც სხვაგან წაეღო. როდის იყო ნაყიდი ეს ტყვიები, ამაზე ლაპარაკობს, ისევ წინა მთავრობის პერიოდზე. ის ლაპარაკობს, რომ პასუხისმგებლობას აიღებს და რეალურად არ იღებს, რადგან არ მიდის და ამასთანავე, ამბობს, რომ მზად არის წავიდეს, მაგრამ გაუგებარია როდის. ნუ აყენებენ ხალხს შეურაცხყოფას, გაუსწორონ თვალი რეალობას. დღეს საზოგადოება ითხოვს მის გადადგომას და დროზე მიიღოს ეს გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა კიდევ უფრო ღრმა კრიზისში არ შევიდეს”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.