პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, გადაადგილება დროებით შეიზღუდება
საქართველოს ისტორიული ავტომობილების ასოციაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე 28 ოქტომბრის 22:00-დან 29 ოქტომბრის 22:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.
თბილისის მერიის ცნობით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება სრულად, შოთა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან პირველი რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე. ავტოსატრანსპორტო საშუალებები შოთა რუსთაველის გამზირიდან პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით გადაადგილებას ვერ შეძლებენ.
შეზღუდვის პერიოდში შოთა რუსთაველის გამზირიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავასა ქუჩების მიმართულებით.
მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან მომავალი ავტომობილები ვერ მოხვდებიან რესპუბლიკის მოედანზე და გზას თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით გააგრძელებენ, ხოლო მერაბ კოსტავას ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით.
აღნიშნული ღონისძიების პერიოდში შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც:
ავტობუსი N308 ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრაობისას არ გაივლის რესპუბლიკის მოედანზე და მობრუნდება სამაიას ბაღთან, რის შემდეგაც მტკვრის მარჯვენა სანაპიროთი დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას; ავტობუსი N359 ვაკის მიმართულებით მოძრაობისას მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს რევაზ თაბუკაშვილის ქუჩაზე და რევაზ ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს, შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით.
რაც შეეხება მიკროავტობუსებს, N457 და N528 რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს რევაზ თაბუკაშვილის ქუჩაზე და რევაზ ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს. უკუმიმართულებისას მიკროავტობუსები დადგენილი სქემით იმოძრავებენ.