პირველი ქვეითი ბრიგადის ნაკრებმა ასეულმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია ოფიციალურად გადაიბარა
საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის ნაკრებმა ასეულმა ავღანეთში, ნატო-ს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულება ოფიციალურად დაიწყო.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბის ბაზაზე ქაბულში გაიმართა.
პირველი ქვეითი ბრიგადის ნაკრებმა ასეულმა, როტაციის წესით, II ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ჩაანაცვლა. უფლებამოსილების გადაბარების ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო.
ღონისძიებაზე ქართველმა და ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. I ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული სამშვიდობო მისიას ექვსი თვის განმავლობაში შეასრულებს. ქართველი სამხედროების ამოცანა ბაზის უსაფრთხოება და ძალთა დაცვის ამოცანების შესრულება იქნება.