საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის პლეი ოფში პირველი ნახევარფინალური წყვილი გაირკვა. “მგზავრებმა” მეოთხედფინალური სერია 2:0 მოიგო და ფინალში გასასვლელად თბილისის “დინამოს” შეხვდება.
“მგზავრების” გამარჯვება “კაკტუსთან” შეიძლება დიდ მოულოდნელობად მოინათლოს, რადგან მეშვიდე განთესვის მქონე გუნდმა სერია მოუგო რეგულარულის მეორე გუნდს, თან ორივე მატჩში სხვაობა 10 ქულას აჭარბებდა.
პირველი მატჩი “მგზავრებმა” 85:69 მოიგეს. ამჯერად, მოედანზე უფრო მეტი ბრძოლა იყო, მაგრამ მდევრის როლში მაინც სულ “კაკტუსი” იყო, რომელიც მაინც ვერ დაეწია მეტოქეს და 12 ქულით წააგო – 75:87.
სუპერლიგის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ მეოთხედფინალი უფრო დაბალი განთესვის მქონე გუნდმა მოიგო.
“მგზავრებში” 20 ქულით ტეილორ სტეფორდი იყო ლიდერი. 15 ქულა მიითვალა კახა ჯინჭარაძემ, ხოლო ადრიან ბოუის ანგარიშზე ორმაგი დუბლი იყო – 14 ქულა და 13 პასი.
პლეი ოფის კიდევ ერთ მეოთხედფინალურ სერიაში ანგარიში გათანაბრდა. “რუსთავმა” “ბათუმს” სერიის პირველი შეხვედრა ორი დღის წინ მოუგო, ბათუმში კი ადგილობრივმა გუნდმა 18 ქულის სხვაობით – 66:84 გაიმარჯვა და სერიაში ანგარიში 1:1 გახდა. მესამე, გადამწყვეტ მატჩს 10 მაისს რუსთავი უმასპინძლებს.