პირველი კატეგორიის საწარმოები ვალდებულნი იქნებიან, ყოველ ოთხ წელიწადში ენერგოაუდიტი განახორციელონ, ან ენერგომენეჯმენტის სისტემა „აისო“ სტანდარტის შესაბამისად დანერგონ
პირველი კატეგორიის საწარმოები ვალდებულნი იქნებიან, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ სრული ენერგოაუდიტი განახორციელონ, ან ენერგომენეჯმენტის სისტემა „აისო 50001“ (ISO 50001) სტანდარტის შესაბამისად დანერგონ. აღნიშნული გათვალისწინებულია „ენერგოეფექტურობის შესახებ“ კანონპროექტით, რომელიც მთავრობამ მოამზადა და რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.
მთავრობა განმარტავს, რომ პირველი კატეგორიის საწარმოები ის საწარმოები არიან, რომელთა მაჩვენებლები წლიური საანგარიშო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:
აქტივების ჯამური ღირებულება აღემატება 50 მილიონ ლარს;
შემოსავალი აღემატება 100 მილიონ ლარს და საანგარიშო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 250 დასაქმებულს აღემატება.
კანონპროექტით განისაზღვრება, რომ აღნიშნული ვალდებულება ძალაში 2023 წლიდან შევა.
„მოცემული პირობა განპირობებულია ევროკავშირის ენერგოეფექტურობის დირექტივითა და საქართველოს ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების ოქმით, რომლის მიხედვითაც, საქართველო ვალდებულია, დანერგოს ენერგოაუდიტების სავალდებულო ჩატარების პრაქტიკა მსხვილ სამრეწველო ობიექტებში, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ან ამავე კატეგორიის სამრეწველო ობიექტებს მოსთხოვოს ენერგომენეჯმენტის სისტემის ISO 50001 სტანდარტის დანერგვა“, – განმარტავს საქართველოს მთავრობა.