პირველი ივლისიდან, თბილისში მეტრო 06:00 საათიდან 23:00 საათამდე იმუშავებს
პირველი ივლისიდან, თბილისის მეტროპოლიტენი 06:00 საათიდან 23:00 საათამდე იმუშავებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მეტროში მძიმე მდგომარეობაა ელექტროგაყვანილობის თვალსაზრისით და კაბელების ჩანაცვლებაა საჭირო.
„მეტროში არსებული მდგომარეობა ყველამ კარგად ვიცით, არაერთხელ გვისაუბრია ამაზე. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ვაგონების რეაბილიტირებაზე, უკვე რამდენიმე შემადგენლობა რეაბილიტირებულია და ემსახურება მგზავრებს. გარდა ამისა, გვაქვს მძიმე მდგომარეობა ელექტროგაყვანილობის თვალსაზრისით და აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით გამოყოფილია 15 მილიონი დოლარი, რომელიც მოხმარდება ზუსტად ძალოვანი კაბელების ჩანაცვლებას და მთლიან რეაბილიტაციას. რაც მეტრო გაიხსნა, მას შემდეგ ამ ტიპის სამუშაოები არ წარმოებულა. შესაბამისად, ჩვენ ვიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას. დაახლოებით 450 კმ ძალოვანი კაბელი იქნება მთლიანად შეცვლილი თანამედროვე „აისო“ (ISO) სტანდარტის კაბელებით. ამ პროექტის ფარგლებში მოხდება 28 საგვირაბე დამნიავებლისა და 32 ახალი ევროპული სტანდარტის ვენტილატორების მონტაჟი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, კაბელების საინსტალაციო სამუშაოები 2020 წლის ივლისში დასრულდება და მეტროც ახალი გრაფიკით ამ დრომდე იმუშავებს.
„პროექტის განხორციელების დროს მოგვიწევს გარკვეული შეზღუდვების დაწესება, რადგან კომპანიას და იქ მომუშავე ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა, რომ ნორმალურ პირობებში იმუშაონ. შესაბამისად, მეტრო ჩვეულებრივად 06:00 საათიდან დაიწყებს მუშაობას, უბრალოდ ერთი საათით ადრე დაამთავრებს მუშაობას, 23:00 საათზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.