პირველი ივლისიდან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება იწყება
2018 წლის პირველი ივლისიდან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დაიწყება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შეუფერხებელი გავლა შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით მოქმედ 32 აკრედიტებულ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში.
„პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის გამარტივებისა და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, შეიქმნა ვებგვერდი (www.pti.ge), რომლის საშუალებითაც მომხმარებელს საშუალება ექნება ნებისმიერ ხელმისაწვდომ ინსპექტირების ცენტრში ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად დაგეგმოს ვიზიტი მისთვის სასურველი თარიღისა და დროის გათვალისწინებით. აღნიშნული ვებგვერდი 2018 წლის იანვრიდან ხელმისაწვდომია ნებისმიერი მომხმარებლისთვის“, – აცხადებენ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში.
ამასთან, 2018 წლის 3 იანვრიდან ამოქმედდა ცხელი ხაზი – 1484, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ეტაპობრივად ამოქმედების პროცესისა და პირობებით დაინტერესებულ ადამიანებს ემსახურება და აწვდის შესაბამის ინფორმაციას.