პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების საიუბილეო თარიღი მადრიდში საზეიმო მიღებით აღნიშნეს
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მადრიდში საზეიმო მიღება გაიმართა. მიღებას ესპანეთის სახელმწიფო სტრუქტურების, მადრიდში აკრედიტებული უცხო ქვეყნის დიპლომატიური მისიების, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის, ბიზნესის, კულტურის, მედიის სფეროსა და ესპანეთში საქართველოს სათვისტომოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სტუმრებს შორის იყვნენ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი, არგენტინის ტურიზმის მინისტრი გუსტავო სანტოსი, ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის გენერალური დირექტორი ხოსე მანუელ ოლგადო მერინო და ესპანეთის ტურიზმის სახელმწიფო მდივანი მატილდე ასიანი.
ღონისძიებაზე, სტუმრებს სიტყვით მიმართა ესპანეთში საქართველოს ელჩმა ილია გიორგაძემ და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების მნიშვნელობაზე და მისი არსებობის ხანმოკლე პერიოდში განხორციელებულ პროგრესზე ისაუბრა.