პირველი არხის ვიდეოოპერატორის მომზადების პროგრამის მონაწილეების შესარჩევად გასაუბრებები მიმდინარეობს
პირველი არხის ვიდეოოპერატორის მომზადების პროგრამის მონაწილეების შესარჩევად გასაუბრებები მიმდინარეობს. პროგრამა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ არის ავტორიზებული და კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შესაბამის სერტიფიკატებს მიიღებენ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის თქმით, ვისაც აუდიო-ვიზუალური ხელოვნების შესწავლის სურვილი აქვს, აღნიშნული კურსი არის ძალიან კარგი შესაძლებლობა.
„ეს არის ოპერატორების გადამზადების კურსი, როგორც პრაქტიკული მუშაობა, ასევე თეორიული ცოდნა, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის. ეს კურსი არის უფასო და მოიცავს სერტიფიცირებას განათლების სამინისტროდან. ძალიან მიხარია, რომ 80-მდე ადამიანმა მიიღო კონკურსში მონაწილეობა. ახლა შეირჩევა უკვე შემდეგ ეტაპზე გადამსვლელი ადამიანების რაოდენობა. ასევე ხაზგასასმელია, რომ ამ ოპერატორების ხელოვნებას დაეუფლებიან ქალები. მნიშვნელოვანია, რომ ეს რაღაცნაირი სტერეოტიპი, რომელიც არსებობს ახალ ტექნოლოგიებთან ერთად, აბსოლუტურად იმსხვრევა. არც ისე რთულია ოპერატორობა, კამერები აღარ არის მძიმე და მიხარია, რომ გვყავს ძალიან ბევრი ქალი ოპერატორი“, – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, პირველ ეტაპზე 80 კანდიდატიდან შეირჩევა 15, რომლებიც სრულ კურსს გაივლიან.
„ჩვენ დავაკვირდებით, ვინც იქნება გამორჩეული და წარჩინებული სტუდენტი, შემდეგ ალბათ ჩვენთან გაივლის სტაჟირებას. რა თქმა უნდა, ოპერატორი ისეთი პროფესიაა, რომელიც მუდამ გვჭირდება. ტელევიზია ოპერატორის, მემონტაჟისა და ჟურნალისტის გარეშე წარმოუდგენელია. სულ ვამბობ, ეს ორგანიზაცია და ყველა სხვა მედიასაშუალება სწორედ ამ პროფესიის სახლია. ასე რომ, დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ კარგ კვალიფიციურ ახალ კადრებს მივიღებთ. სპეციალურად შერჩეულნი არიან ლექტორები, პროფესიონალები როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლიდან, ასევე სხვა ორგანიზაციებიდან. ეს არის განათლების სამინისტროსთან ერთობლივი პროექტი და ამიტომ სრული პასუხისმგებლობით, მაღალი კვალიფიკაციით ვთავაზობთ ამ განსხვავებულ კურსს“, – აღნიშნა თინათინ ბერძენიშვილმა.
მონაწილეებისთვის კურსი უფასოა. პირველი კურსი 11 ოქტომბერს აიღებს სტარტს.
გადამზადების პროგრამის ხანგრძლივობა 12 კვირას, ჯამში 192 საათს შეადგენს. უფასო მომზადების პროგრამის გავლისას მსმენელები შეიძენენ ტელევიზიაში ოპერატორად მუშაობის შესაფერის პრაქტიკულ უნარებს და თეორიულ ცოდნას, გაეცნობიან თანამედროვე ტელეწარმოებისთვის საჭირო ტექნიკას, შეისწავლიან სხვადასხვა სატელევიზიო ფორმებს, ჟანრებს, სატელევიზიო წარმოების ტექნოლოგიებს.
პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ კურსს საოპერატორო ტექნიკის განვითარების ისტორიისა და ფოტოხელოვნების თეორიის საკითხებზე, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობას ოპტიკის, ვიდეოტექნიკის გამოყენების, ვიდეოგადაღების შესასწავლად.