პირველი არხის ვებგვერდზე აზერბაიჯანული და სომხურენოვანი ინტერნეტრადიო და ტელევიზია იწყებს მუშაობას
პირველი არხის ვებგვერდზე – 1TV.GE მალე აზერბაიჯანული და სომხურენოვანი ინტერნეტრადიო და ტელევიზია იწყებს მუშაობას. სიახლე პროექტ „მრავალფეროვანი საქართველოს“ ფარგლებში ხორციელდება.
როგორც პროექტ „მრავალფეროვანი საქართველოს“ ხელმძღვანელი რამილია ალიევა აცხადებს, ახალი ინტერნეტმაუწყებლობა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შესაძლებლობას მისცემს, ყოველდღიურად, 12 საათის განმავლობაში აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ნახონ და მოისმინონ ტელე-რადიო გადაცემები.
„ჩვენს ქვეყანაში არის ორი დიდი რეგიონი – ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთი, სადაც ჩვენი თანამოქალაქეები, რიგი მიზეზების გამო, ვერ ფლობენ სახელმწიფო ენას.
ამიტომ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ჩათვალა, რომ არხის ვალდებულებაა, ამ ადამიანებს მივაწოდოთ ინფორმაცია აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. ეს იქნება ახალი ამბები ყოველ საათში ერთხელ, გასართობი, შემეცნებითი, მუსიკალური, კულტურული და სპორტული გადაცემები აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. გარდა ამისა, იგეგმება ქართული ენის პოპულარიზაციის პროექტი“, – განაცხადა რამილია ალიევამ.
პროექტებს სომეხი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტები გაუძღვებიან.
ასევე, ვებგვერდზე ყოველდღე, ზუსტად 20:00 საათზე საინფორმაციო გამოშვება „მოამბე“ ორ ენაზე გადაიცემა.
პროექტის მეშვეობით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, თვალი ადევნონ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ წარმოებულ ყველა მედიაპროდუქტს აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.
პროექტის „მრავალფეროვანი საქართველოს“ ფარგლებში ასევე შეიქმნა საზოგადოებრივ მაუწყებელთან არსებული ეროვნული და რელიგიური უმცირესობების საკონსულტაციო საბჭოც.
ამასთან, პირველი არხის ვებგვერდი ინტერნეტმომხმარებელს სიახლეებს შვიდ ენაზე აწვდის.