პირველი არხის თანადაფინანსებით შექმნილმა ფილმმა „სამზადისი“ ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო
მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა „სამზადისი“, რომელიც საქართველოს პირველი არხის თანადაფინანსებით შეიქმნა, ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო. ფილმი, რომლის რეჟისორია ილია ასიტაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის „დებიუტი“ ფარგლებში შეიქმნა.
ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე, ამავე პროექტის კიდევ ერთი ფილმი, „თანაგრძნობა“ მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში იყო ნაჩვენები. ფილმის „თანაგრძნობა“ რეჟისორია ზვიად ციკოლია.
Biaff-ზე წარდგენილ ნამუშევრებს შორის ასევე იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ნომერი 26“, რომლის პროექტიც საქართველოს ეროვნული კინოცენტრის 2019 წლის კონკურსის გამარჯვებულია და კინოცენტრისა და პირველი არხის თანადაფინანსებით შეიქმნა. ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორია გვანცა მეფარიშვილი.
აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აღნიშნულ კონკურსში გამარჯვებული შვიდი მოკლემეტრაჟიანი ფილმი დააფინანსა.
ამასთან, Biaff-ის ინდუსტრიულ პლატფორმაზე „ალტერნატიული ტალღა“ გაიმართა პირველი არხის ახალი პროექტის „ტელედოკი“ პრეზენტაცია.