პირველი არხის თანადაფინანსებით შექმნილი ფილმები ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზეა წარდგენილი
ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალზე (Biaff) საზოგადოებრივი მაუწყებლის თანადაფინანსებით შემქნილი სამი ფილმი იქნება წარდგენილი.
Biaff-ზე წარდგენილ ნამუშევრებს შორისაა მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ნომერი 26“, რომლის პროექტიც საქართველოს ეროვნული კინოცენტრის 2019 წლის კონკურსის გამარჯვებულია და კინოცენტრისა და პირველი არხის თანადაფინანსებით შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აღნიშნულ კონკურსში გამარჯვებული შვიდი მოკლემეტრაჟიანი ფილმი დააფინანსა. ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორი გვანცა მეფარიშვილია.
ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალზე ასევე წარდგენილია პირველი არხისა და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის „დებიუტი“ ფარგლებში შექმნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმები „სამზადისი“ (რეჟისორი: ილია ასიტაშვილი) და „თანაგრძნობა“ (რეჟისორი: ზვიად ციკოლია).
სამივე მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება 23 სექტემბერს კინოთეატრ „აპოლოში“ შედგება.
„პირველი არხი ყოველწლიურად დიდ ინვესტიციას დებს დოკუმენტური და მხატვრული კინოპროდუქციის შექმნაში. ერთი მხრივ, ეს არის პროდუქტი, რომელიც ჩვენი არხისთვის იწარმოება და მეორე მხრივ, ეს არის საინტერესო პროექტების, ან სხვადასხვა კონკურსში გამარჯვებული სცენარების დაფინანსება. როგორც გამოცდილება გვაჩვენებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებით თუ თანადაფინანსებით შექმნილი ფილმები ადგილობრივ და საერთაშორისო ფესტივალებზე აქტიურად არის წარდგენილი, რაც ვფიქრობ, საამაყოა და ხაზს უსვამს პირველი არხის წვლილს ამ ინდუსტრიის წინსვლაში“, – განაცხადა პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.
Biaff-ის ინდუსტრიულ პლატფორმაზე „ალტერნატიული ტალღა“ პირველი არხის ახალი პროექტის „ტელედოკი“ პრეზენტაცია გაიმართება. პროექტ გულისხმობს ყოველკვირეულ ნახევარსაათიან დოკუმენტურ ჩანახატებს ადამიანებზე, რომლებიც აქტუალურ და საინტერესო საზოგადოებრივ, კულტურულ, ეკონომიკურ ან/და სოციალურ ცხოვრებაში არიან ჩართულები.