პირველი არხის მასპინძლობით, თბილისში ევროპის მაუწყებელთა კავშირის რეგიონული კონფერენცია-სემინარი გრძელდება
პირველი არხის მასპინძლობით, თბილისში ევროპის მაუწყებელთა კავშირის რეგიონული კონფერენცია-სემინარი გრძელდება

პირველი არხის მასპინძლობით, თბილისში ევროპის მაუწყებელთა კავშირის რეგიონული კონფერენცია-სემინარი „ციფრული ტრანსფორმაცია“ გრძელდება.

ღონისძიების მნიშვნელობასა და განსახილველ ​საკითხებზე კომენტარი გააკეთა თბილისში მყოფმა მაკედონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, ​ ადმირიმ ალითიმ. მისი თქმით, საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ამ შეკრების ორგანიზებით, კარგი შესაძლებლობა შექმნა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.

„ეს შესანიშნავი ღონისძიებაა, რადგან სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებს ევროპის მაუწყებელთა კავშირმა და საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მისცა საშუალება, ერთად შეკრებილიყვნენ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ინსტიტუტმა გაუზიაროს ერთმანეთს ცოდნა, საუკეთესო გამოცდილება. რა თქმა უნდა, დღეს, როდესაც ტექნოლოგიური ცვლილებები ასე სწრაფად მიმდინარეობს, ყველა ჩვენგანი გამოწვევების წინაშე დგას. ჩვენ ვისაუბრეთ, თუ როგორ შეგვიძლია ერთმანეთის დახმარება, რათა ფეხი ავუწყოთ ამ ცვლილებებს და გადავჭრათ პრობლემები, რომლებიც ყველა ჩვენგანს აქვს“, – განაცხადა ადმირიმ ალითიმ.

ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) წარმომადგენლები პირველ არხს 12 თებერვალს ესტუმრნენ და მისი მენეჯმენტის წარმომადგენლებთან გამართეს შეხვედრა. გუშინ გაიხსნა ორდღიანი კონფერენცია-სემინარი, რომელზეც ცნობილი გახდა, რომ პირველი არხისა და ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) თანამშრომლობითა და დაფინანსებით, საქართველოში მუდმივმოქმედი ჟურნალისტური, რეგიონული აკადემია იმუშავებს. აკადემიაში ტრენინგები უფასოდ ჩატარდება. ჟურნალისტთა რეგიონულ აკადემიაში ტრენინგები ჩაუტარდებათ ჟურნალისტებს საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.

რეგიონული კონფერენცია-სემინარის მთავარი მიზანი რეგიონულ საზოგადოებრივ მაუწყებლებს შორის ციფრული ტექნოლოგიების სფეროში გამოცდილების გაზიარებაა. კონფერენციაში ათი ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელი მონაწილეობს, მათ შორის გერმანიიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, მოლდოვიდან და მაკედონიიდან.