პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა ახალი სეზონის პრეზენტაცია გამართა და საეთერო ბადე წარადგინა. პირველ ეტაპზე სიახლეებისა და ახალი პროექტების შესახებ ინფორმაციის გასაცვლელად ორგანიზაციის თანამშრომლებთან შედგა შეხვედრა.
შეხვედრაზე ასევე წარდგენილი იყო მაუწყებლის განვითარების სტრატეგიის ახალი დოკუმენტი, ადამიანური რესურსების მართვის ახალი პოლიტიკა და განხილული იყო ორგანიზაციის საქმიანობის შედეგები, მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესები – ტექნიკური გადაიარაღება, ახალი საეთერო, ახალი შენობის მშენებლობა და ა.შ. ასევე საუბარი შეეხო არსებულ გამოწვევებს და სამომავლო გეგმებს.
„პირველი არხი მაყურებელს ცხელ სპორტულ ზაფხულს სთავაზობს, ახალი საეთერო სეზონიდან კი აუდიტორია ახალ პროექტებს იხილავს. ორგანიზაციულ ნაწილში არსებული სიახლეების და ახალი საეთერო ბადის პრეზენტაცია დღეს მაუწყებლის ყველა რგოლისთვის გაიმართა. ასევე გვაქვს ორგანიზაციის განვითარების სტრატეგიის ახალი დოკუმენტი და ადამიანური რესურსების მართვის ახალი პოლიტიკა, რომლებიც, პირველ რიგში, თანამშრომლებს წარედგინათ“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა.
ღონისძიება საზოგადოებრივი მაუწყებლის შიდა სივრცეში, კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდა. შეხვედრები უახლოეს მომავალში დაგეგმილია არასამთავრობო სექტორთან და სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან.