30 მარტს „ტელესკოლის“ მაუწყებლობის დაწყებიდან ორი წელი შესრულდა.
2020 წელს საფუძველი ჩაეყარა არხს, რომელმაც მსოფლიო პანდემიის გამო ქვეყანაში დაწესებული მკაცრი შეზღუდვების დროს, განათლების სამინისტროსთან ერთად, სკოლის მოსწავლეებისთვის უპრეცედენტო პლატფორმა შექმნა.
„ტელესკოლა“ უნიკალური კონცეფციის პროექტია, რომელმაც ამ ორი წლის განმავლობაში განვითარების დიდი პოტენციალი შექმნა. „ტელესკოლის“ საშუალებით პანდემიის დაწყებიდან დღემდე მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა აქტივობაში ჩაერთონ. არხს დაემატა საგანმანათლებლო პროექტები, დოკუმენტალისტიკა და ახალგაზრდული ტოკშოუს ფორმატი, რაც, ვფიქრობთ, უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდა აუდიტორიის მოსაზიდად, მათთვის ხარისხიანი შემეცნებითი კონტენტის მისაწოდებლად“, – განაცხადა პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.
საგანმანათლებლო ტელეარხი მოსწავლეებს ტელეგაკვეთილებს, სხვადასხვა ასაკის მაყურებელს კი მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს. არხის ეთერი მოიცავს პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ გაკვეთილებს. გარდა სასკოლო პროგრამისა, „ტელესკოლა“ მოსწავლეებს სთავაზობს საგანმანათლებლო და შემეცნებით კლასგარეშე გაკვეთილებს, დოკუმენტურ ფილმებსა და ახალგაზრდულ პროექტებს. „ტელესკოლის“ ეთერი ეთმობა გაკვეთილებს არაქართულენოვანი სკოლებისთვის, ასევე ჟესტური ენის გაკვეთილებს.
ამჟამად „პირველი არხი – ტელესკოლა“ ატარებს „მათემატიკის ონლაინოლიმპიადას V-VI კლასელებისთვის“. პროექტს ქართულ ტელესივრცეში ანალოგი არ აქვს და მოსწავლეებისთვის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა, სრულიად უფასოდ ჩაერთონ საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან. ოლიმპიადა სტარტს ციფრულ სივრცეში 1TVplay-ზე აიღებს.
2022 წელს „ტელესკოლამ“ მაღალი გარჩევადობის (HD) ვიდეოსიგნალით დაიწყო მაუწყებლობა. არხის HD-ხარისხით მიღება მაყურებელს უკვე შეუძლია როგორც ტერესტრიალური, ასევე საკაბელო მაუწყებლობის საშუალებით.
საგანმანათლებლო არხს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. „ტელესკოლის“ 2021 წლის პროგრამული განვითარების სტრატეგია საყოველთაოდ აღიარებულ STEM და SOFT SKILLS სწავლების სისტემებს ეფუძნება და ახალგაზრდებში ტექნოლოგიური და შემოქმედებითი აზროვნების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.