პირველი არხი ევროპის მაუწყებელთა კავშირის რეგიონულ კონფერენცია-სემინარს მასპინძლობს
პირველი არხი 13-14 თებერვალს თბილისში ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) რეგიონულ კონფერენცია-სემინარს „ციფრული ტრანსფორმაცია“ უმასპინძლებს.
სემინარში მონაწილეობას 10 ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები მიიღებენ.
ღონისძიების მიზანი ციფრული მედიის გამოწვევების შესახებ ინფორმაციის და გამოცდილების გაზიარება, თანამშრომლობის გაღრმავება და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობაა. სემინარს დაესწრებიან ევროპის მაუწყებელთა კავშირის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი რადკა ბეთჩევა და ციფრული ტრანსფორმაციის პროექტის ხელმძღვანელი საშა სკოტი.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ევროპის მაუწყებელთა კავშირმა, ეუთო-მ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ რეგიონული კონფერენცია-სემინარი წინა წლებშიც გამართეს. განხილვის მთავარი თემა რეგიონში საზოგადოებრივი მაუწყებლების ტრანსფორმაციის პროცესის ინსტიტუციონალური და სამართლებრივი გამოწვევები და თანამშრომლობის გზების დასახვა იყო.
პირველი არხი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მედიის საკითხებზე საერთაშორისო ღონიძიებების გამართვას და ამ კუთხით ევროპის ქვეყნებთან და მათ საზოგადოებრივ მაუწყებლებთან პარტნიორობის გაძლიერებას.