პირველი არხი ევროპის მაუწყებელთა კავშირის ახალი ამბების კომიტეტს მასპინძლობს
საქართველოს პირველი არხი ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) ახალი ამბების კომიტეტს მასპინძლობს.
კომიტეტი ევროპის საზოგადოებრივი მაუწყებლების ნიუსრუმების ხელმძღვანელებს აერთიანებს.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრებს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი და ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი გიორგი გვიმრაძე შეხვდნენ.
კომიტეტის წევრები საზოგადოებრივი მაუწყებლის ნიუსრუმის მუშაობას გაეცნენ და შეხვდნენ ჟურნალისტებსა და პროდიუსერებს, ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება და მოსაზრებები ახალი ამბების მიმართულებით არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით.
„ძალიან ამაყი ვართ, რადგან ვმასპინძლობთ ახალი ამბების რიგით მე-18 ასამბლეას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდია საზოგადოებრივი მაუწყებლების ოჯახში. გვეწვია 100 დელეგატი სხვადასხვა ქვეყნიდან, დაწყებული დასავლეთ ევროპიდან, აღმოსავლეთ ევროპით დამთავრებული. ჩვენთან არიან „ბიბისის“ წამყვანი ჟურნალისტები, ნიუსრუმის ხელმძღვანელები, რათა უფრო უკეთ გაეცნონ ჩვენს საქმიანობას. გაიცნეს ჟურნალისტები, რომლებიც ძალიან ახლოს არიან იმ ევროპულ მოდელთან, რასაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ქმნის. ხვალ, 22 ნოემბერს არის მნიშვნელოვანი დღე, რადგან უკვე ასამბლეის დღეა და განხილული იქნება ძალიან სერიოზული თემები“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
ევროპის მაუწყებელთა კავშირის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ლიზ კორბინის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების განყოფილება, ინტეგრირებული ნიუსრუმი აერთიანებს ყველა მიმართულებას და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია.
„მუშაობის ეს პრინციპი არის გარანტი, რომ გადამოწმებული, სანდო, ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი ამბები მაყურებლამდე მივა. ევროპის მასშტაბით უამრავ ნიუსრუმში ვარ ნამყოფი და საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ძალიან მოწინავე, ინტეგრირებული ნიუსრუმი, რომელიც აშუქებს ყველა ამბავს ყველა პლატფორმაზე და მრავალ ენაზე“, – აღნიშნა ლიზ კორბინმა.
ამასთან, როგორც ტელეკომპანია „ბიბისის“ მედიაწარმოების ხელმძღვანელმა, მოროვენ უილიამსმა განაცხადა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ნიუსრუმმა მასზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
„შთამბეჭდავია აქ მომუშავე ქალთა რაოდენობა. ამ ბალანსის ნახვა ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის. ფანტასტიკური სტუდიაა, რომელსაც აქვს არაჩვეულებრივი დიზაინი და არის ძალიან თანამედროვე“, – აღნიშნა მოროვენ უილიამსმა.
22-23 ნოემბერს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის მაუწყებელთა კავშირის ახალი ამბების რიგით მე-18 ასამბლეას მასპინძლობს. ახალი ამბების კომიტეტის ვიზიტი სწორედ ამ ღონისძიების ფარგლებში შედგა.