პირველი აგვისტოდან 21 თებერვლამდე ექსპორტირებული მანდარინის ღირებულებამ 19.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
2020 წლის პირველი აგვისტოდან 2021 წლის 21 თებერვლამდე პერიოდში განხორციელდა 39.3 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი, რაც რეკორდულია უკანასკნელი 10 წლის (მარკეტინგული წლები) მაჩვენებლების მიხედვით და რომლის ღირებულებამ 19.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 7.9 ათასი ტონით (25 პროცენტი), ხოლო ექსპორტის ღირებულება 2.8 მლნ აშშ დოლარით (17 პროცენტით) აღემატება 2019-2020 წლების ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.
2020 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (22.6 ათასი ტონა), სომხეთსა (8.9 ათასი ტონა) და უკრაინაში (5.3 ათასი ტონა). აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე მოლდოვაში, თურქმენეთში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, ლიეტუვაში, სლოვენიაში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში, აზერბაიჯანში, აშშ-სა და გერმანიაში.