პირველად საქართველოში კლასიკური ავტომობილების ავტორბოლა გაიმართა. ღონისძიება მსოფლიოში ცნობილი ავტომრბოლელი ქალბატონის, ზოი ვითაკერის ინიციატივით და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება. ღონისძიებას დედაქალაქის მერი, კახა კალაძეც დაესწრო.
რბოლამ ევროპის მოედნიდან აიღო სტარტი და ოთხი დღე გაგრძელდება. პროექტის ორგანიზატორია ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატა.
ღონისძიების ფარგლებში ავტორბოლის მონაწილეები საქართველოს უძველეს ქალაქებს, სოფლებს მოივლიან, გაეცნობიან ისტორიულ არქიტექტურას. რბოლა თბილისში დასრულდება, მანძილი 900 კილომეტრია. რბოლაში 15-მდე საკოლექციო ავტომობილი მიიღებს მონაწილეობას.
27 მაისს რბოლას შეუერთდა ამერიკელი NASCAR მრბოლელი ჯენ კობი რომელიც საქართველოში ამერიკის საელჩოს ოფიციალური ვიზიტით არის ჩამოსული.
რბოლა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ეძღვნება.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.