პირველად მსოფლიოში, აღმოჩენილია მიკროორგანიზმი, რომელიც ექსკლუზიურად მხოლოდ ვირუსებით იკვებება — #1tvმეცნიერება
მტკნარი წყლის პლანქტონის ერთ-ერთი ტიპი ჩვენთვის ცნობილი პირველი ორგანიზმი გახდა, რომელიც მხოლოდ ვირუსებით იკვებება; ამის შესახებ ლინკოლნის ნებრასკის უნივერსიტეტის მეცნიერთა ახალი კვლევა იუწყება.
ხშირად, ვირუსებს შემთხვევით მოიხმარს მრავალი სხვადასხვა ორგანიზმი; მათ შორის შედის ზოგიერთი წყლის პროტისტის რაციონშიც. თუმცა, კვების ჯაჭვში ნამდვილი საფეხურის დასაკავებლად (ორგანიზმებს, რომლებიც მხოლოდ ვირუსებით იკვებებიან, ვიროვორები უწოდეს), ვირუსებმა მათ მომხმარებლებს მნიშვნელოვანი ოდენობით ენერგია ან საკვები ნივთიერებები უნდა მიაწოდონ.
მიკრობი, სახელად ჰალტერია, პროტისტების ჩვეულებრივი გვარია, რომელიც წყალში თმის მსგავსი წამწამებით მოძრაობს. მისმა ლაბორატორიულმა ნიმუშებმა მის გარემოში დამატებული ქლოროვირუსები შესანსლეს, რამაც ჰალტერიას ზრდა და პოპულაციის გაზრდა გამოიწვია.
ველურ ბუნებაში ქლოროვირუსების დამამშვიდებელ ეფექტს შეიძლება სიღრმისეული გავლენა ჰქონდეს ნახშირბადის ციკლზე. ცნობილია, რომ ქლოროვირუსები მიკროსკოპულ მწვანე წყალმცენარეებს აინფიცირებენ და შლიან, რის შედეგადაც გარემოში გამოიყოფა ნახშირბადი და სხვა საკვები ნივთიერებები; ეს პროცესი კი შეიძლება სერიოზულად შეზღუდოს ვირუსების შეჭმამ.
„თუ უხეშად დავითვლით, რამდენი ვირუსია გარემოში, რამდენი წამწამიანი ინფუზორია და რამდენი წყალი, დავინახავთ, რამდენი ენერგია მოძრაობს კვების ჯაჭვში“, — ამბობს ლინკოლნის ნებრასკის უნივერსიტეტის ეკოლოგი ჯონ დელონგი.
მისი განცხადებით, თუ ეს იმ მასშტაბზე ხდება, რისი შესაძლებლობაც მათ მიაჩნიათ, ამან შეიძლება სრულიად შეცვალოს ჩვენი წარმოდგენა ნახშირბადის გლობალური ციკლის შესახებ.
კვლევა სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ეფუძნებოდა მოსაზრებას, რომ წყალში არსებული ვირუსებისა და მიკროორგანიზმების ურიცხვი რაოდენობა შეიძლება განაპირობებდეს იმას, რომ ეს უკანასკნელი ჭამდეს პირველს. ამ მიმართულებით არც ბევრი სხვა კვლევა იყო ჩატარებული, რომლებსაც მეცნიერები შეიძლება დაყრდნობოდნენ.
შეგიძლია, ვირუსებში საკმაოდ კარგი რამეები იპოვო, თუკი საკვების მძებნელი ორგანიზმი ხარ; მათ შორის, ამინომჟავები, ნუკლეინის მჟავები, ლიპიდები, აზოტი და ფოსფორი. მკვლევართა აზრით, ასეთი საკვები რაღაცას აუცილებლად მოუნდებოდა.
მკვლევართა ჯგუფმა გუბის წყლის ნიმუშები აიღო და მათში ქლოროვირუსები დაამატა; აკვირდებოდა, აღიქვამდა თუ არა ვირუსებს რომელიმე სახეობა საკვებად და არა საფრთხედ. ასე მივიდნენ ისინი ჰალტერიამდე და ქალამანამდე (Paramecium), რომლებიც იმ წყალში ცხოვრობდნენ.
მართალია, ქალამანები ვირუსებს ჭამდნენ, მაგრამ დიდად არ იზრდებოდა მათი ზომა და რაოდენობა. მეორე მხრივ, ჰალტერია ქლოროვირუსებს მიირთმევდა და საკვებ ნივთიერებათა წყაროდ იყენებდა. ორ დღეში მათი პოპულაცია დაახლოებით 15-ჯერ გაიზარდა, ვირუსების კი ასჯერ შემცირდა.
„თავდაპირველად, მხოლოდ ვვარაუდობდით, რომ უფრო მეტი ჰალტერია დაგვხვდებოდა, მაგრამ სინამდვილეში იმდენი დაგვხვდა, რომ პიპეტის წვერსაც კი ამოჰყვა და დავითვალეთ“, — ამბობს დელონგი.
პლანქტონის ორ ტიპში შეყვანამდე, ქლოროვირუსის დნმ-ის მოსანიშნად მანათობელი მწვანე საღებავი გამოიყენეს. ამან დაადასტურა, რომ ვირუსებს მართლაც ჭამდნენ: ვაკუოლები, ანუ მიკრობთა მუცლები კვების დროს მწვანედ განათდა.
შემდეგმა ანალიზებმა ცხადყო, რომ ჰალტერიას ზრდა ქლოროვირუსის შემცირებასთან მიმართებაში დაემთხვა წყლის სხვა მიკროსკოპულ მტაცებლებსა და მსხვერპლებს შორის არსებულ პროპორციებს, რამაც ჯგუფს უფრო მეტი მტკიცებულება მისცა იმის შესახებ, რაც ხდებოდა.
შესასწავლი ჯერ კიდევ ბევრი რამ არის. ამის შემდეგ, მეცნიერებს სურთ დააკვირდნენ, რა გავლენას შეიძლება ახდენდნენ ვიროვორები (ვირუსის მჭამელები) კვების ქსელზე, სახეობათა ევოლუციაზე და პოპულაციების გამძლეობაზე. იქამდე კი, მეცნიერებს იმის მტკიცებულება სჭირდებათ, რომ ეს ველურ ბუნებაშიც ხდება.
კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია phys.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.