პირველად ისტორიაში, წითელ ზღვაში ლურჯი ვეშაპი შენიშნეს
19:11, 04.06.2018
წითელ ზღვაში, აკაბის ყურეში, უიშვიათესი, საფრთხის ქვეშ მყოფი ლურჯი ვეშაპი შენიშნეს. ეგვიპტის გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამ წყლებში პლანეტის უდიდესი ცხოველი დააფიქსირეს.
ლურჯი ვეშაპები გავრცელებულია მსოფლიო ოკეანის დიდ ნაწილში, მაგრამ, როგორც წესი, თავს არიდებენ თავთხელ ზღვებს და ისეთ წყლებს, რომლებიც ხმელეთითაა გარშემორტყმული, მაგალითად, ხმელთაშუა ზღვას. ამ დრომდე, ასეთ ადგილად წითელი ზღვაც ითვლებოდა. წყლის ამ აუზში ლურჯი ვეშაპის გამოჩენა აბსოლუტურად მოულოდნელი აღმოჩნდა.
ეგვიპტის გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, მიმდინარეობს ვეშაპის ფრთხილი მონიტორინგი. ამ დრომდე უცნობია, რატომ წამოვიდა ეს არსება თავის მშობლიური წყლებიდან ასე შორს.
წითელი ზღვის წყალი არა მხოლოდ საკმაოდ შორსაა ამ ვეშაპთა ტრადიცული გავრცელების ზონებიდან, არამედ საკმაოდ თბილიცაა იმ წყლებისგან განსხვავებით, რომლებშიც, როგორც წესი, ეს არსებები წელიწადის ამ მონაკვეთში ატარებენ დროს.
ლურჯი ვეშაპი სიგრძეში 30 მეტრამდე იზრდება, წონა კი 200 ტონას აღწევს. ხშირად, მხოლოდ მისი ენა სპილოს მასას იწონის.
როგორც წესი, ლურჯ ვეშაპებს მკაფიოდ განსაზღვრული მიგრაციის მარშრუტები აქვთ. სწორედ ამიტომ არის წითელი ზღვაში მათი გამოჩენა კიდევ უფრო საოცარი. ზაფხულობით საკვებად ისინი პოლუსებისაკენ, ცივ წყლებში მიემართებიან, ზამთარში კი უკან, ცივ წყლებში ბრუნდებიან.
ის ფაქტი, რომ ეს ვეშაპი მარტოა, არც ისე უჩვეულოა, რადგან ხშირად, ვეშაპები ან მარტო, ან ორ-სამ სულიან ჯგუფებად მოგზაურობენ. შეინიშნება უფრო დიდი ჯგუფებიც.
ეს კონკრეტული არსება მიეკუთვნება პიგმეი ლურჯ ვეშაპთა ქვესახეობას. გამოცემა Egypt Today-ის ცნობით, შენიშნეს სანაპიროდან 300 მეტრის სიღრმეში და არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს ტურისტებისა და მყვინთავებისთვის. ერთ-ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, მიგრაციული სეზონის დროს მან უბრალოდ გზა დაკარგა და წითელ ზღვაში მოხვდა.
უმოწყალო ნადირობის შედეგად, ეს საოცარი ქმნილებები კინაღამ გადაშენდნენ. თუმცა, 1967 წელს სპეციალური დაცვის სტატუსი მიანიჭეს. მიჩნეულია, რომ დღეისათვის, მსოფლიო ოკეანეებში მაქსიმუმ 25 000 ლურჯი ვეშაპი დაცურავს.
ლურჯ ვეშაპთა პოპულაცია მაინც მოწყვლადი რჩება. ამჟამად მათი მთავარი საფრთხეა ქიმიური ნივთიერებები, ხმით დაბინძურება, ჰაბიტატის დაკარგვა, გადაჭარბებული თევზჭერა და რა თქმა უნდა, შემხვედრ გემებთან შეჯახება. ხშირად ხვდებიან თევზსაჭერ ბადეებშიც.
გარდა ამისა, ლურჯ ვეშაპებს დიდ საფრთხეს უქმნის კლიმატის ცვლილებაც. მომატებული ტემპერატურა მათ საკვებ ზონებს უფრო და უფრო სამხრეთით სწევს, შესაბამისად, ძნელდება იქამდე მიღწევაც. მცირდება იმ თევზების ოდენობაც, რომლითაც ისინი იკვებებიან.
მომზადებულია Egypt Today-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით