პირველად ისტორიაში, ჩინეთში ფოტოკამერამ ალბინოსი პანდა დააფიქსირეს. უნიკალური შეფერილობის დათვის ბელი კამერამ ბამბუკის ტყეში გადაიღო.
ამ უპრეცედენტო სანახაობის მომსწრე ადამიანი არ გამხდარა — სურათი ინფრაწითელმა ფოტოკამერამ გადაიღო, რომელიც მაშინ გააქტიურდა, როცა მისმა სენსორებმა პანდის მოძრაობა აღიქვა.
ნამდვილად გაგვიმართლა, რადგან შედეგად მივიღეთ ამ საოცარი და უკიდურესად იშვიათი არსების პირველი ფოტო. მკვლევართა შეფასებით, პანდა 1-2 წლისაა.
ფოტოს ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში არსებული უოლონგის ბუნების ეროვნული ნაკრძალი აქვეყნებს და განმარტავს, რომ გიგანტურ პანდას (Ailuropoda melanoleuca) სურათი კამერამ აპრილის შუა რიცხვებში გადაუღო. მსგავსი კამერები ნაკრძალის სხვადასხვა ადგილას არის განთავსებული და აკვირდება ველური ბუნების აქტივობას.
ალბინიზმი იშვიათი გენეტიკური მდგომარეობაა; ხდება როგორც ადამიანებში, ისე ცხოველებში და კანში ზღუდავს შავი ფერის პიგმენტ მელანინის წარმოქმნას.
მელანინის ნაკლებობის გამო ალბინოსები ძალიან მგრძნობიარე არიან პირდაპირი მზის სხივებისადმი, რამაც შეიძლება მხედველობის პრობლემებიც გამოიწვიოს. თუმცა როგორც ჩანს, ბუნებრივ გარემოში მონავარდე პატარა პანდაზე ეს ფაქტორი დიდად არ მოქმედებს.
პეკინის უნივერსიტეტის ზოოლოგის, ლი შენგის განცხადებით, ეს პანდა ძლიერი ჩანს, მტკიცეა მისი ნაბიჯები და როგორც ჩანს, გენეტიკურ მუტაციას მისი ცხოვრებისთვის დიდი პრობლემები არ შეუქმნია.
როგორც ნაკრძალი იუწყება, დაცული ტერიტორია, სადაც კამერამ ეს პანდა გადაიღო, ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლეზე მდებარეობს.
ამ გამორჩეული ცხოველის სათვალთვალოდ, ნაკრძალის ადმინისტრაცია დამატებითი კამერების დამონტაჟებას გეგმავს. ინდივიდი მეცნიერულად მართლაც უმნიშვნელოვანესია, რადგან მთლად თეთრი, ალბინოსი პანდა აქამდე არასოდეს არავის დაუფიქსირებია.
ფოტოზე შეუძლებელია თეთრი პანდას სქესის განსაზღვრა, მაგრამ კარგად ჩანს წითელი თვალები, რაც ალბინიზმისთვის დამახასიათებელი ნიშანია.
ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) წითელი ნუსხის მიხედვით, ველურ ბუნებაში ამჟამად 1900-ზე ნაკლები პანდაა, რომელთაგან სქესობრივად მომწიფებული მხოლოდ 500-1000 ინდივიდია.
IUCN-ის ბოლო შეფასებით, პანდა მოწყვლადი სახეობაა, რომელსაც უმთავრეს საფრთხეს უქმნის ადამიანთა მიერ გარემოს განადგურება.
მართალია, ბოლო წლებში პანდების რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ ეს ულამაზესი სახეობა მაინც მრავალი საფრთხის წინაშეა.
მომზადებულია The New York Times-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.