პირველად ავსტრიის კანცლერი ქალი გახდა
პირველად ავსტრიის კანცლერი ქალი გახდა

ავსტრიის დროებითი კანცლერი საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელი, 69 წლის ბრიგიტე ბირლაინი გახდა. ამის შესახებ ვენაში გამართულ პრესკოფნერენციაზე ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვან დერ ბელენმა განაცხადა.

ავსტრიის ისტორიაში პირველად, მთავრობას ქალი უხელმძღვანელებს. პრესკონფერენციამდე პრეზიდენტმა კონსულტაციები გამართა ავსტრიის საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელებთან, რომლებთანაც დროებითი კანცლერის კანდიდატურა შეათანხმა.

ვან დერ ბელენმა ბირლაინს გარდამავალი მთავრობის ფორმირება დაავალა, რომელიც სექტემბერში დაგეგმილ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე იმუშავებს. ბირლაინის წარდგენისას, ავსტრიის პრეზიდენტმა მას კეთილგონიერი, შორსმჭვრეტელი და კომპეტენტური პიროვნება უწოდა.

შეგახსენებთ, ავსტრიის კანცლერს სებასტიან კურცს პარლამენტმა 27 მაისს უნდობლობა გამოუცხადა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ავსტრიის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადეს. პარლამენტმა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი კენჭისყრაზე სკანდალური ვიდეოჩანაწერის გავრცელების შემდეგ გაიტანა, რომლის გამოც ვიცე-კანცლერმა ჯაინც-კრისტიან შტრახემ თანამდებობა დატოვა, მოგვიანებით კი, მმართველი კოალიცია დაიშალა. ვიდეოში შტრახე რუს ბიზნესმენ ქალს ფინანსური დახმარებისა და არჩევნებზე მხარდაჭერის სანაცვლოდ სახელმწიფო სამშენებლო კონტრაქტების გაფორმებას ჰპირდება. ავსტრიული გამოცემა „კრონენ ზეიტუნგი“ წერს, რომ ავსტრიის ვიცეკანცლერის შეხვედრა ინსცენირებული იყო.