პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ლუგარის ლაბორატორიიდან რამდენიმე ორსულის ტესტის პასუხებს ელოდებიან
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტები არ დამატებია.
ამ დროისთვის კლინიკაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 58 პაციენტი მკურნალობს.
რაც შეეხება საეჭვო შემთხვევებს, კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, რამდენიმე ორსულის ტესტის პასუხებს ელოდებიან.
„არც ერთი ახალი შემთხვევა ამ ეტაპამდე ჩვენს კლინიკაში არ შემოსულა. შემოსულია რამდენიმე ორსული და ველოდებით ლუგარიდან მათ პასუხებს“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულ ორ ორსულს, რატიანის განმარტებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
„ხდება როგორც ქალბატონების, ისე ნაყოფების მონიტორინგი. მათ სიცოცხლესა და ნაყოფს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება“,- დასძინა ლევან რატიანმა.