პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ყველაზე მძიმე პაციენტი აპარატული სუნთქვიდან მოიხსნა
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ყველაზე მძიმე პაციენტი აპარატული სუნთქვიდან მოიხსნა

თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი აპარატული სუნთქვიდან მოიხსნა, – ამის შესახებ კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„დღეს ერთი უმძიმესი პაციენტი მოიხსნა აპარატიდან. საოცრება მოახდინეს ჩვენმა რეანიმატოლოგებმა. ის ისევ კრიტიკული რჩება, მაგრამ ეს ძალიან დიდი გამარჯვებაა. თანდართული დაავადებებიც ჰქონდა, შაქრიანი დიაბეტიც, 30 წლის შაქრიანი დიაბეტი თავის ყველა გართულებით. ცალი კიდური არ აქვს, მეორე ტერფი არ აქვს. აი, ასეთი გართულებით და შაქრიანი დიაბეტითაც კი კორონავირუსი არ არის განაჩენი. ეს მინდოდა მეთქვა, რომ ასეთმა პაციენტმაც კი, საკმაოდ ხანში შესულმა, მაინც დაძლია კორონავირუსი და მოიხსნა აპარატიდან. ნუ ჯერ გამოჯანმრთელებული, რა თქმა უნდა, არ არის, კიდევ შორს არის, მკურნალობა სჭირდება, მაგრამ ძირითადი დაძლია.

ახლა ორი პაციენტი უფრო მძიმე რჩება, ვიდრე ეს პაციენტი, თუმცა ამ ორის მდგომარეობაშიც მცირე დადებითი დინამიკა შეიმჩნევა“,- განაცხადა ტურძელაძემ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 539 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 184 გამოჯანმრთელდა.