პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 76 პაციენტია მოთავსებული, მათ შორის შვიდი რეანიმაციულ განყოფილებაში
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის 90 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 76 კორონავირუსით ინფიცირებულია.
კლინიკას გუშინ ოთხი ახალი შემთხვევა დაემატა.
„გუშინ მივიღეთ ოთხი ახალი შემთხვევა. ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებით ამ პაციენტებთან არც ერთთან არ ვლინდება არანაირი პათოლოგიური ცვლილება, როგორც ინსტრუმენტული, ასევე ლაბორატორიული მონაცემებით“,- განაცხადა კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში შვიდი პაციენტი მკურნალობს.
„აქედან სამი არის სპონტანურ სუნთქვაზე, ოთხი – ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე“, – აღნიშნა რატიანმა.
ასევე, მან ისაუბრა კორონავირუსით გარდაცვლილ კიდევ ერთ პაციენტზე.
რატიანის თქმით, გარდაცვლილი 72 წლის ქალია, რომელიც კლინიკაში 14 აპრილიდან იმყოფებოდა.
„სამწუხაროდ, დღეს დილისთვის დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი ერთ პაციენტთან, 72 წლის ქალბატონთან, რომელიც კლინიკაში 14 აპრილს არის შემოსული. ძირითადი დიაგნოზი არის კოვიდინფიცირების შედეგად გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირატორული დისტრესი, მწვავე მიოკარდიულ-ვირუსული ენდოკარდიტის დიაგნოზით, სეფსისის სეპტიური შოკი. ანამნეზი დატვირთული ქრონიკული პათოლოგიებით. ანამნეზში ამ ქალბატონს აღენიშნებოდა გულის უკმარისობა მეორე, მესამე კლასის, არტერიული ჰიპერტენზია, მორბირდული სიმსუქნე. ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად, სამწუხაროდ, ამ დილისთვის დაფიქსირდა გულის გაჩერება და ბიოლოგიური სიკვდილი“, – განაცხადა რატიანმა.