პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ერთი პაციენტი დატოვებს, სამი ათეული პირველადი ტესტის პასუხს კი ელოდებიან
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის 110 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 87 კორონავირუსით ინფიცირებულია.
ამასთან, კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული კიდევ ერთი პაციენტი დატოვებს.
„გუშინ მხოლოდ და მხოლოდ ჩატარდა ერთი ტესტირება. გასული იყო 14 დღე, ორივე შემთხვევაში უარყოფითი პასუხი მივიღეთ და ეწერება ბინაზე“,- განაცხადა საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა ლევან რატიანმა.
ამასთან, რატიანი ამბობს, რომ დღეს კორონავირუსზე პირველადი ტესტი სამ ათეულ პაციენტს ჩაუტარდა და შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
„დღეს გაგზავნილი გვაქვს სამი ათეული ტესტი, პირველადი ტესტი და ვნახოთ, რა შედეგებს მივიღებთ“,- დასძინა რატიანმა.
რაც შეეხება სხვა პაციენტებს, რატიანი ამბობს, რომ ამჟამად რეანიამციაში შვიდი პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.
„რეანიმაციული პაციენტი გვყავს შვიდი, აქედან ექვსის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია, მხოლოდ და მხოლოდ ერთის მდგომარეობა რჩება მძიმე, მაგრამ ვინარჩუნებთ ვიტალურ პარამეტრებს. დანარჩენი პაციენტები განაგრძობენ მკურნალობას სხვადასხვა განყოფილებაში. მინდა, გითხრათ, რომ მათი მდგომარეობა ამ ეტაპამდე დამაკმაყოფილებელია“,- განაცხადა ლევან რატიანმა.