პირველ ოქტომბერს დაჯარიმებულ ტაქსის მძღოლებს ჯარიმები მოეხსნებათ. ამის თაობაზე გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა მიიღო, რომელიც ჯარიმების ჩამოწერას ერთჯერადი საკანონმდებლო აქტით გეგმავს.
როგორც ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განუცხადა, ტაქსების ძალიან კარგი რეფორმა განხორციელდა. რეფორმა მორგებულია როგორც მომხმარებლების, ასევე ტაქსის მძღოლების ინტერესებზე.
„რეფორმა პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდა. იმის გამო, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა არასწორი მოლოდინის გაჩენა შეძლეს და შეცდომაში შეიყვანეს ტაქსის მძღოლები პირველ ოქტომბერთან დაკავშირებით, მათ ეგონათ, რომ პირველ ოქტომბერს არ დაჯარიმდებოდნენ და ე.წ. საშეღავათო პერიოდი პირველ ოქტომბრამდე იყო. ამის გამო, ეს ადამიანები ქალაქში გამოვიდნენ და პატრულმა 200 ლარით დააჯარიმათ. გადავწყვიტეთ, ამ გაურკვევლობის აღმოსაფხვრელად და ფინანსური ჯარიმის მოსახსნელად, ქალაქის მერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და უმრავლესობასთან შეთანხმებით, დავაინიციროთ საკანონმდებლო ერთჯერადი აქტი, რომლის მიხედვით, ჯარიმები მოეხსნებათ ტაქსის იმ მძღოლებს, რომლებიც პირველ ოქტომბერს დაჯარიმდნენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი, რომელიც ტაქსების A და B კატეგორიებად დაყოფას ითვალისწინებს, პირველ ოქტომბერს ამოქმედდა.
A კატეგორიის თეთრი ფერის ტაქსის მძღოლებს უფლება აქვთ, მგზავრები ქუჩაში აიყვანონ. ამ კატეგორიის ტაქსებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩასა და უბანში, ყოველგვარი გადასახადის გარეშე ისარგებლონ უფასო პარკინგით. A კატეგორიის ტაქსებს ასევე შეუძლიათ ავტომობილზე სარეკლამო ბანერების განთავსება.
A კატეგორიისგან განსხვავებით, მხოლოდ კომპანიებთან თანამშრომლობისა და გამოძახებით მუშაობის უფლება აქვთ B კატეგორიის ტაქსის მძღოლებს.
მანქანის ფერთან და საჭესთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, A კატეგორიის ტაქსებისთვის ჯარიმები ამოქმედდება.
მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებს უფლებას აქვთ, B კატეგორიაში გააგრძელონ მუშაობა 2021 წლის პირველ იანვრამდე.