პირველ ივნისს თბილისის მერია ბავშვებისთვის გასართობ ღონისძიებებს გამართავს
პირველ ივნისს თბილისის მერია ბავშვებისთვის გასართობ ღონისძიებებს გამართავს

პირველი ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს თბილისის მასშტაბით სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები გაიმართება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მთავარი საზეიმო სივრცე ვაკის პარკში მოეწყობა.

„საკმაოდ მასშტაბური ღონისძიებები იქნება. ვაკის პარკში 12:00-დან 18:00 საათამდე დაგეგმილია სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები. იქნება კონცერტები, საცირკო სანახაობა, თოჯინების თეატრი, დრამერებისა და ანიმატორების შოუ, განთავსდება კონტაქტური ზოოპარკი, საბავშვო გამომცემლების კუთხე, საპნის ბუშტების შოუ და ასევე კუთხე ორიგამებით მუშაობისთვის. მთელი დღის განმავლობაში ბავშვების განწყობაზე იზრუნებენ ზღაპრის გმირები.

გარდა ამისა, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის წინ, 13:00-დან 19:00 საათამდე გაიმართება სასახლის აღსაზრდელების კონცერტი. ასევე, გამგეობები თავიანთ გამგეობებში გეგმავენ სხვადასხვა ღონისძიებებს. მოდით, ეს ერთი დღე გავულამაზოთ ბავშვებს და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მათ ისიამოვნონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.