პირველ ეტაპზე ტაქსის მძღოლებს მრიცხველის დამონტაჟების ვალდებულება არ ექნებათ
ტაქსის მძღოლებს საქმიანობის ნებართვისთვის ერთჯერადად, ე.წ. ფურცლის საფასურის გადახდა მოუწევთ, ჰიბრიდულ და ელექტროავტომობილებზე ძალიან შეღავათიანი საფასური იქნება, პრაქტიკულად, ელექტრომობილისთვის საფასური ნული იქნება, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ პარლამენტის იურდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ტაქსით მომსახურების სანებართვო რეგულაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის თქმით, ტაქსით მომსახურების რეგულაცია სამ ეტაპად განხორციელდება.
„პირველ ეტაპზე, როგორც კანონპროექტით არის განმარტებული, თბილისის მუნიციპალიტეტს, საკრებულოს, უჩნდება სამართლებრივი საფუძველი, რომ გამოსცეს აქტი, სადაც დადგენილი იქნება ტაქსის მძღოლების საქმიანობის სანებართვო პირობები.
ანუ პირველ ეტაპზე არის აღრიცხვიანობა, გამოხატული სტატისტიკურ ფორმაში როგორც ნებართვა, რომელიც გაიცემა მარტივად, ერთი სარკმლის პრინციპით ელექტრონულად ან არაელექტრონულად, როგორც მოსახერხებელი იქნება იმ ადამიანისთვის, რომელსაც თავისი სერვისის მიწოდება უნდა მოსახლეობისთვის. იქნება მხოლოდ ერთჯერადი საფასური – ე.წ. ფურცლის საფასური, რასაც ჩვენ მაგალითად, პასპორტის ასაღებად ვიხდით, სახელმწიფოს უჯდება ეს თანხა. მით უმეტეს, ჩვენ ელექტრონულ პროგრამაზე ვმუშაობთ, სადაც ერთი სარკმლის პრინციპით შეიძლება გადახდა. ჰიბრიდულ და ელექტროავტომობილებზე ძალიან შეღავათიანი იქნება ეს საფასურიც. პრაქტიკულად, ნული იქნება ელექტრომობილისთვის“, – განაცხადა მერის მოადგილემ.
მისი თქმით, ბაზები ინტეგრირებული იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზებთან.
„წვდომა ბაზას ექნება ადამიანის პირადობისა და მართვის მოწმობაზე. შესაბამისად, ადამიანი მხოლოდ დარეგისტრირებით და იმის თქმით, რომ ამა და ამ მანქანით ვაპირებ სერვისის განხორციელებას, რეგისტრირდება ავტომატურად, იხდის თანხას და ის არის ნებართვის მფლობელი.
ნებართვის მფლობელობა პრაქტიკაში რას გულისხმობს და რას აკონტროლებს შემდეგ მუნიციპალიტეტი და შინაგან საქმეთა სამინისტრო. ნებართვის მფლობელი ვალდებული იქნება, მგზავრთა გადაყვანის დროს იქონიოს სანებართვო ფორმა, რომელიც გაკრული უნდა ჰქონდეს მანქანაში. იქ იქნება იდენტიფიცირებული ნებართვის ნომერი, ადამიანის სახელი და გვარი. ასევე მას ევალება, რომ ავტომობილზე ჰქონდეს მანიშნებელი, რომ ის არის ტაქსი. ეს არის პირველი ეტაპი, რომელიც არის აღრიცხვისა და რეგისტრაციის ძალიან მარტივი ფორმა და სამართლებრივად ამას ნებართვის გაცემა ჰქვია.
რატომ ვაკეთებთ და რატომ ვფიქრობთ, რომ ეს არის სატრანსპორტო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი და მათ შორის ავტოპარკის დარეგულირებისთვის გადადგმული ერთი ნაბიჯი. 2019 წელს ემთხვევა ეს, როცა უკვე ტექნიკური დათვალიერებაც შემოვა. რამოდენიმე ძირითადი მიზეზი იყო, ეს არის გარე ფაქტორები, რაც შეიძლება იყოს ჰაერის დაბინძურება, გადატვირთული ავტოპარკი და ამის თქმის არ უნდა შეგვეშინდეს, რასაც ვფიქრობთ, რომ ტექნიკური დათვალიერება დაარეგულირებს, ეს არის ამ ქალაქის იმიჯი, რომელიც ასევე უნდა გვადარდებდეს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
როგორც ბითაძემ პარლამენტის იურდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამ ქალაქში მუშაობს, ყველა კეთილსინდისიერად უნდა ასრულებდეს კანონმდებლობის მოთხოვნებს.
„მეორე ფაქტორი არის უსაფრთხოება და სანდოობა გადაყვანის დროს. თუ ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ვაკონტროლოთ ავტობუსის მძღოლები და სამარშრუტო ტაქსის მძღოლები, რომ ისინი სანდოდ და უსაფრთხოდ გადაადგილებენ მოსახლეობას და ტურისტებს, რატომ არ უნდა მოეთხოვოს ეს ტაქსის მძღოლს, რომელიც მომსახურეობაში ბევრად მეტს იღებს. რა თქმა უნდა, აუცილებლად მნიშვნელოვანია, ტაქსის ვიზუალი გარედან და მდგომარეობა შიგნიდან.
მესამე ეტაპზე, როცა სისტემა სრულად ამოქმედდება და ეს შეიძლება იყოს სამი წლის შემდეგ, ტაქსის მძღოლს ანუ იმ ადამიანს, რომელიც ამ სერვისით იქნება დაკავებული, რაც ხელს არ შეუშლის, ნებისმიერი აპლიკაციის ან ქოლ ცენტრის ფარგლებში ამ ადამიანების გაერთიანება, რადგან ჩვენ საქმიანობაზე გავცემთ ნებართვას, რომელიც ფიზიკურ პირსა და ავტომობილს ემბის, ეს იქნება ტაქსომეტრი, რომელიც სანდოს გახდის მგზავრობის ხარჯებს და ძალიან მნიშვნელოვანია იმ მოწყვლადი მომხმარებლისთვის, რომელიც შეიძლება იყოს ტურისტი ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. ეს არის ზოგადად ის სამი ეტაპი“, – განაცხადა მაია ბითაძემ.