საყოფაცხოვრებო ნარჩენებს პირველ ეტაპზე ღამის საათებში რამდენიმე ქუჩიდან გაიტანენ
საყოფაცხოვრებო ნარჩენებს პირველ ეტაპზე ღამის საათებში რამდენიმე ქუჩიდან გაიტანენ

თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე მაია ბითაძეს დაავალა, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა ღამის საათებში პირველ ეტაპზე, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მოხდეს.

დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ მაია ბითაძეს საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანასთან დაკავშირებული გეგმის წარმოდგენა სთხოვა.

მერიის ინფორმაციით, მაია ბითაძემ თბილისის მერს ბოლო ორი კვირის განმავლობაში, აღნიშნული მიმართულებით განხორციელებული სამუშაოები გააცნო.

„ამ ორი კვირის განმავლობაში, შესაბამისი საქალაქო სამსახური და „თბილსერვის ჯგუფი“ აქტიურად მუშაობდა, რომელმაც გარკვეული უბნები და მარშრუტები დაამუშავა. კვირის ბოლოს გვექნება კონკრეტული ქუჩების ჩამონათვალი, სადაც უკვე ძალიან მალე შეგვეძლება, აღნიშნული საპილოტე პროექტი განვახორციელოთ, რაშიც საზოგადოების ჩართულობა და მხარდჭეერა ძალიან დაგვჭირდება, რადგან ის სქემა, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ, დასუფთავების სამსახურის მანქანების ღამის სათებში მოძრაობას ითვალისწინებს, რაც თავისთავად ქალაქში არსებულ საცობებს განტვირთავს“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.

კახა კალაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საპილოტე პროექტი საზოგადოებისთვისაც მისაღები იქნება, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა ღამის საათებში მოხდება.

„მთავარია, პირველ ეტაპზე, რამდენიმე ქუჩა შეირჩეს და თუ მისაღები იქნება საზოგადოებისთვისაც, შეგვიძლია, უკვე ამ ახალ მოდელზე გადავიდეთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.