პირველ დეკემბერს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. შიდსის ჯანდაცვის ფონდის წარმომადგენლობის საქართველოს პროგრამის მენეჯერის, ნინო ხეთაგურის განცხადებით, ამ დღეს ადამიანები ერთიანდებიან, რათა აივ-ინფიცირებულებს სოლიდარობა გამოუცხადონ და შიდსით გარდაცვლილებს პატივი მიაგონ.
მისივე თქმით, პირველ დეკემბერს მსოფლიო საზოგადოება ერთიანდება და ამ დღეს სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავს. წლევანდელი სლოგანია – „გლობალური სოლიდარობა, საერთო პასუხისმგებლობა“. შიდსის ჯანდაცვის ფონდი ამ კამპანიას უერთდება და სლოგანით -„შიდსი, ესეც პანდემიაა“ ამ დღეს აღნიშნავს.
„კოვიდ-19“ პანდემიამ ნათლად ცხადყო, რომ ადამიანების სოლიდარობა და ერთიანი პასუხისმგებლობა ძალიან მნიშვნელოვანია პანდემიის თავიდან ასაცილებლად. კოვიდ პანდემიას სერიოზული გამოწვევები ჰქონდა არამარტო შიდსის, არამედ სხვა სფეროშიც. შიდსს რაც შეეხება, მომართვიანობამ იკლო, თუ ადამიანი ინფიცირებულია, მისი გამოვლენა სწორედ ტესტით ხდება. როდესაც უკვე სიმპტომები ვლინდება, ეს უკვე დაგვიანებული სტადიაა. რაც უფრო ადრე გაიგებს ადამიანი, რომ ის აივ ინფიცირებულია, შესაბამისად მკურნალობა უფრო ეფექტურად წარიმართება, რაც შემდგომ მის ჯანმრთელობაზე აისახება. აივ ინფექციისგან განკურნება დღეს არ ხდება, თუმცა მკურნალობა ადამიანის სიცოცხლეს საკმაოდ ახანგრძლივებს და ვირუსული დატვირთვა იმდენად მცირდება, რომ ის როგორც ჩვეულებრივი, არაინფიცირებული ადამიანი განაგრძობს ცხოვრებას. რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, აივ ინფიცირებულებს შორისაც არიან „კოვიდ-19“ ვირუსით ინფიცირებულები, თუმცა ის ვინც მკურნალობაზეა, შედარებით მარტივად გადააქვთ და სერიოზულ პრობლემასა და გართულებას ადგილი არ ჰქონია. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი მკურნალობაზეა, მისი იმუნური სისტემა გაძლიერებულია, სისხლში ვირუსის კონცენტრაცია მინიმალურია, შესაბამისად მკურნალობა ხელს უწობს, რომ „კოვიდ-19“-ის ინფექციამ გართულებების გარეშე ჩაიაროს“,- განაცხადა ნინო ხეთაგურმა.